აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მოლოდინს და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება – მაუწყებლობა განაახლოს ტელეკომპანია “იმედმა”, იტყობინება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.
ამავე ცნობით, სატელეფონო საუბარი 4 დეკემბერს, საღამოს შედგა, რომლის დროსაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მიმართ აშშ-ის სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა.
საუბრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება, რასაც საერთაშორისო დამკვირვებელთა ფართო სპექტრი გაუწევს მონიტორინგს.
იმავდროულად, ნინო ბურჯანაძემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის დუმის ყოფილი სპიკერის, ბორის გრიზლოვის განცხადებაზე, სადაც იგი ახლო მომავალში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო ცნობის თაობაზე საუბრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)