Site icon Civil.ge

”იმედზე” ყადაღის მოხსნის საკითხი გადაიდო

ტელეკომპანია ”იმედისთვის” ყადაღის მოხსნის საკითხი ერთი დღით გადაიდო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ ამ საკითხს 6 დეკემბერს განიხილავს.


გენერალურმა პროკურატურამ ”იმედის” ქონებისთვის ყადაღის მოხსნის თხოვნით სასამართლოს 5 დეკემბერს მიმართა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ტექნიკური პერსონალი 5 დეკემბერს შეძლებდა შენობაში შესვლას. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ეს შეუძლებელი რჩება.


”სასამართლოში ჩვენ გვითხრეს, რომ მოსმენა 6 დეკემბერს დილის 11 საათზეა დაგეგმილი,” – განუცხადა ”იმედის” ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა Civil.Ge.-ს.


”ვერ გამიგია, რატომ გადადეს ეს მოსმენა,” – განუცხადა ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა Civil.Ge.-ს, ”ერთადერთი რაც გვრჩება არის ის, რომ ხვალინდელ დღეს დაველოდოთ”.


ამასობაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 დეკემბერს შეცვალა 7 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის სამი თვით შეჩერების თაობაზე.


ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებამ ტელეკომპანიის მაუწყებლობისთვის სამართლებრივი დაბრკოლებების მოხსნა გადაწყვიტა.


ახლა, თბილისის საქალაქო სასამართლოზეა დამოკიდებული ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის ბოლო სამართლებრივი წინააღმდეგობის მოხსნა.


ტექნიკურ პერსონალს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მიეცემა საშუალება შენობაში შევიდნენ. ისინი აპარატურის მდგომარეობას შეამოწმებენ, რათა განსაზღვრონ, თუ როდის შეძლებს ტელეკომპანია ეთერში გასვლას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)