ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” ხელმძღვანელობა უარს აცხადებს ტელევიზიის შენობაში შესვლაზე, რადგან მათ არ რთავენ ნებართვას შენობაში ტელეკამერების თანხლებით შესვლაზე. მათ სურთ, რომ შენობაში შესვლისთანავე აღბეჭდონ კამერებით ის ზარალი, რომელიც კომპანიას 7 ნოემბერს სპეცრაზმის შეჭრის შედეგად მიადგა.
”ახლა ტელეკომპანიის ეზოში ვიმყოფებით,” – განუცხადა ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა ტელეფონით Civil.Ge.-ს, ”ადრე გვითხრეს, რომ შიგნით შესვლას 14 საათზე შევძლებდით. მოვედით, მაგრამ ვიდეოკამერებით არ გვიშვებენ. ჩვენ მხოლოდ ვიდეოკამერების თანხლებით გვინდა შიგნით შესვლა, რათა დავაფიქსიროთ ყველაფერი რაც იქ ხდება”.
”იმედის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ტელეკომპანიის აპარატურა 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ მწყობრიდან არის გამოსული ან განადგურებულია.
დღესვე დილით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ”იმედის” ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ. ეს ერთადერთი სამართლებრივი დაბრკოლება რჩებობა ტელეკომპანიის მაუწყებლობის განახლებისთვის მას შემდეგ, რაც 4 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეცვალა 7 ნოემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება ”იმედის” ლიცენზიის სამი თვით შეჩერების თაობაზე.
თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ 7 დეკემბერს შევა ძალაში. ახლა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა იმის იმედს გამოთქვამს, რომ ტექნიკურ პერსონალს ვიდეოკამერების თანხლებით მაშინ მაინც შეუშვებენ ოფისში, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება შევა ძალაში.
ტელეკომპანია ”იმედის” ეზოში ბიძინა ბარათაშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლუის რობერტსონი, რომელიც News Corp.-მა შარშან დანიშნა ამ თანამდებობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)