Site icon Civil.ge

ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთმანეთს პატარკაციშვილის გამო დაუპირისპირდნენ

მმართველი პარტია და ოპოზიციური კოალიცია ერთმანეთს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის და საარჩევნო კამპანიაში მისი ფინანსების როლის გამო დაუპირისპირდნენ.


დავა ოპოზიციური კოალიციის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის განცხადების შემდეგ დაიწყო. გაჩეჩილაძემ 6 დეკემბერს განაცხადა, რომ მას სურს, რომ პატარკაციშვილმა, რომელიც თავად პრეზიდენტობის კანდიდატია, მისი კამპანია დააფინანსოს. მეორე დღეს მმართველმა პარტიამ ეს განცხადება აიტაცა და განაცხადა, რომ ცხრა პარტიისგან შემდგარი კოალიცია პატარკაციშვილთან ”ფარულ გარიგებას” აწარმოებს და მას მისი ”ბინძური ფულის” სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სთავაზობს. კოალიციამ ამ თანამდებობაზე საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი უკვე დაასახელა.


ოპოზიციამ 7 დეკემბერს საპასუხო დარტყმა განახორციელა, როდესაც გაიხსენა, როგორ გამოიყენა მმართველმა პარტიამ პატარკაციშვილის ”ბინძური ფული” გასულ წლებში, როდესაც ბიზნესმენს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ხელისუფლებასთან.


”ისინი აცხადებენ, რომ თითქოსდა ოპოზიცია ბადრი პატარკაციშვილის ნაძარცვი, სისხლიანი ფულით აწარმოებს თავის კამპანიას, მე მინდა საზოგადოებას და ნაციონალურ მოძრაობას გავახსენო, რომ ზუსტად იგივე ფულით ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაკრატლით დარბოდა და ხსნიდა ობიექტებს, რომლებიც მთლიანადაა დაფინანსებული ბადრი პატარკაციშვილის ფულით,” – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ, ”ეს ობიექტებია: ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ყვარელში, მთაწმინდის პარკი და ქობულეთის ბულვარი; შოთა რუსთაველის ბარელიეფის გახნა იერუსალიმში… ეს სია საკმაოდ გრძელია”.


”ახლა გაახსენდათ რომ ეს არის ”სისხლიანი, ნაძარცვი და ბინძური” ფული და დაავიწყდათ ყველაფერი, რაც პატარკაციშვილმა დააფინანსა, რასაც თვითონ მოიხმარდნენ და მთელი ხალხი მოიხმარდა,” – განაცხადა ხაინდრავამ.


იმავდროულად, 8 დეკემბერს კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელი ლონდონიდან დაბრუნდა, სადაც ისინი პატარკაციშვილს შეხვდნენ.


”ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ სააკაშვილი გაბედავს არჩევნების გაყალბებას – იმედი გვაქვს, რომ სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთანაც შევთანხმდებით ამაზე – ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად დადგება ჩვენი ხმების დასაცავად,” – განაცხადა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ.

”ჩვენი ინტერესია, რომ ჩატარდეს თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნები და დაინტერესებული ვართ ჩვენი კამპანიის კოორდინაციაში,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ლონდონში. 

პატარკაციშვილთან შეხვედრის შემდეგ კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ პატარკაციშვილი თავის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს, მაგრამ ”თუკი რამე საერთო ოპოზიციური ღონისძიებები იქნა ქვეყანაში, შესაძლოა ასეთი ღონისძიებები იქნას ბატონი ბადრის მხრიდან დაფინანსებული”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)