მთავრობა განაგრძობს 2008 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებით უფრო მეტად ”ხალხისკენ შემობრუნებული” უნდა გახდეს, ვიდრე ამ პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მას შემდეგ შევა პარლამენტში განსახილველად, რაც საკანონმდებლო ორგანოდან 2008 წლის ბიუჯეტის პროექტის ოფიციალური გაწვევა მოხდება 14 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე.
”პლენარულ სხდომაზე მხოლოდ გახმოვანდება ის დებულებები და ის პრინციპები, რომელთა მიხედვითაც მოხდება ბიუჯეტის პარამეტრების შეცვლა,”- განუცხადა გია ხუროშვილმა 11 დეკემბერს Civil.ge-ს.
მისი თქმით, ”სოციალურად ორინტირებული” ბიუჯეტი ”მაქსიმალურად სწრაფად” იქნება საკანონმდებლო ორგანოში წარგენილი, რათა პარლამენტმა მოასწროს მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა და მიღება ახალ წლამდე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.
ხუროშვილის განცხადებით, ბიუჯეტის გადამუშავება იმის გამო გაჭიანურდა, რომ მასში ძირეული ცვლილებები შედის, ”ციფრები კი სკურპულოზურ მიდგომას საჭიროებს”.
ამ ეტაპზე ბიუჯეტის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების დეტალებზე საუბრისაგან ოფიციალური პირები თავს იკავებენ, თუმცა ცოტა ხნის წინ ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ თავდაცვის დაფინანსებაში, რაც წლების მანძილზე საბიუჯეტო პრიორიტეტი იყო, ”მნიშვნელოვანი შემცირება” იგეგმება მომავალს წელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)