პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანაა ”საქართველო სიღარიბის გარეშე” და ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ იყო დასაქმების თემა ისეთივე აქტუალური მისი პრეზიდენტობის წლებში, როგორც საარჩევნო კამპანიის პირობებშია.
”ზოგიერთი ოპონენტი, რა თქმა უნდა ნიშნის მოგებით იტყვის: კი მაგრამ ახლა გაგახსენდა დასაქმება? სად იყავი აქამდე?”- განაცხადა სააკაშვილმა თელავში ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ”სად ვიყავი და ვაგებდი გზებს… სად ვიყავი და ვაღდგენდი ელექტროენერგიას, იმიტომ რომ უშუქობაში არ არსებობს არანაირი დასაქმება. სად ვიყავი და ვებრძოდი ქურდებს და ყაჩაღებს და კრიმინალებს, იმიტომ რომ ქურდების და ყაჩაღების ხელში არ შეიძლება იყოს ნამდვილი ბიზნესი და არ შეიძლება იყოს დასაქმება. სად ვიყავი და ვებრძოდი კორუფციას… სად ვიყავით და ვაღდგენდით ჩვენს ქვეყანას”.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური ძალის სიძლიერე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ”ჩვენ ყოველთვის ვუპირისპირდებით დიდი პრობლემებს, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ მთავარ საკითხებს, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ მთავარ გამოწვევებს და არ ვუშინდებით მთავარ პრობლემებს”.
სააკაშვილი თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ძირითად აქცენტებს სოციალურ საკითხებზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე აკეთებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)