ცხინვალში 16 დეკემბერს მომხდარ აფეთქებას სამართალდამცავი ორგანოს ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
სამივე სამართალდამცავი აფეთქების მომენტში მანქანაში იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახით გამოყენებული იქნა პლასტიდი, ხოლო მოწყობილობა მოქმედებაში ტელეფონის მეშვეობით მოიყვანეს.
ცხინვალმა უკვე მისცა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია და ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. სამხრეთ ოსური მხარის ინფორმაციით, დაშავებულები არიან ერიკ დუდაევი და ფელიქს ბოლატაევი. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, აფეთქების მთავარი სამიზნე ერიკ დუდაევი იყო.
თუმცა, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ინციდენტი იყო ”ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებს შორის ანარიშწორების” შედეგი. ”ქართული მხარის დადანაშაულება არის საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა,” -ნათქვამია აპარატის განცხადებაში.
ქართულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ ინციდენტის ადგილთან არც ეუთოს დამკვირვებლები და არც შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები არ მიუშვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)