Site icon Civil.ge

პატარკაციშვილი საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებს

პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის პირობებში არ არის მიზანშეწონილი პატარკაციშვილის საქართველოში ჩამოსვლა საარჩევნო კამპანიის წარმოების მიზნით.


”ჩამოსვლასთან დაკავშირებით რთულია რამის თქმა იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით ხელისუფლების მხრიდან არ არის არანაირი გარანტიები უსაფრთხოების. უფრო მეტიც სხვადასხვა თანამდებობის პირებიდან მინიშნება იყო, რომ არ გამორიცხავენ, რომ დააკავონ კიდევაც,”- განაცხადა პატარკაციშვილის შტაბის წარმომადგენელმა გოგა ჟვანიამ, ”ასეთ ვითარებაში, მე მგონი არ არის მიზანშეწონილი, რომ ჩამოვიდეს ბატონი ბადრი”.


გოგა ჟვანია დეპუტატ ვალერი გელბახიანთან ერთად, რომელიც საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, გუშინ ჩამოვიდა ისრაელიდან, სადაც ბადრი პატარკაციშვილთან გაიმართა კონსულტაციები.    


გელბახიანმა 20 დეკემბერს განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს”, რომ საარჩევნო შტაბი გეგმავს გაავრცელოს ვიდეო-მასალა, სადაც ასახულია ”ის სქემა, რასაც თითხნიდა ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში პატარკაციშვილის საწინააღმდეგოდ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)