Site icon Civil.ge

ბურჯანაძე ”იმედის” დახურვაზე კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 7 ნოემბერს სპეცრაზმის გამოყენებით ტელეკომპანია ”იმედის” დახურვის გადაწყვეტილებისთვის ”ორი ბოლო წვეთი” აღმოჩნდა ტელეკომპანიის მეპატრონის ბადრი პატარკაციშვილის მოწოდება და ჟურნალისტის განცხადება სამების საკათედრო ტაძართან დაკავშირებით.


”ორი ბოლო წვეთი იყო ”იმედთან” დაკავშირებით: ერთი როდესაც ბატონმა პატარკაციშვილმა გამოაცხადა, რომ ის ბოლო კაპიკს დახარჯავს იმისათვის, რომ ეს ფაშისტური ხელისუფლება დაამხოს და თუ ვინმე თვლის რომ ეს არ არის ხელისუფლების დამხობის მოწოდება, მაშინ ეტყობა მე კარგად არ მესმის, მაგრამ მე კარგად მესმის იმიტომ, რომ არა მარტო პოლიტიკოსი ვარ, არამედ იურისტიც,”- განაცხადა დღეს ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ.


7 ნოემბრის საღამოს, დარბევამდე ცოტა ხნით ადრე ტელეკომპანია ”იმედმა” გაავრცელა პატარკაციშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია: ”ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალ-ღონე, მთელი ჩემი ფინანსური რესურსი, უკანასკნელი თეთრის ჩათვლით გამოყენებულ იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებლად”.


იმავდროულად, 7 ნოემბრის საღამოს სამების საკათედრო ტაძრიდან ”იმედის” ეთერში  გაკეთებული პირდაპირი ჩართვისას ჟურნალისტმა იქ შეკრებილ ადამიანებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სპეცრაზმელები ტაძრისკენ მიემართებოდნენ მას შემდეგ, რაც დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და რიყეზე საპროტესტო აქცია ორჯერ დაარბიეს ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით.


”მეორე, რა თქმა უნდა, იყო ის, როდესაც, მე დარწმუნებული ვარ იმ ჟურნალისტმა ემოციურად შეცდომა დაუშვა, მაგრამ როცა გამოაცხადეს, რომ სამებას ახლა სპეცრაზმი არბევს შტურმით,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”თქვენ წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მომხდარიყო ”იმედს” რომ იგივე  გაეგრძელებინა: მოწოდებები, რომ სამება ახლა შტურმით იქნება აღებული, რომ სპეცნაზი ახლა მიდის სამებაში?”


მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას სპეცრაზმი არ გამოეყენებინა ტელეკომპანიის დასახურად. 


”მე პირდაპირ გეტყვით იხილებოდა ვარიანტი, რომ შეიძლებოდა თუ არა ”იმედი” გაითიშოს ანძიდან, სამწუხაროდ ვერა იმიტომ, რომ კარგად აღჭურვილი ტელეკომპანიაა ძალიან და მათ ჰქონდათ ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომლებიც არ იძლეოდა შესაძლებლობას ლოკალურად გათიშვის,”- განაცხადა ბურჯანაძემ.


მან დღეს აჭარის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა 8 ნოემბერს ბათუმში სტუდენტური აქციის დარბევის შესახებაც და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები არ იყვნენ ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ 7 ნოემბრის საღამოს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებდა და არა მხოლოდ თბილისში, როგორც ეს ხელისუფლებამ თავდაპირველად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის დროს დემონსტრაციები იკრძალებოდა.


”ის რაც ბათუმში მოხდა, ეს უკვე აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო იყო ნამდვილად, არანაირი აუცილებლობა ამისი არ იყო, განსხვავებით თბილისის შემთხვევისაგან და ბუნებრივია, ამაზე ადეკვატური რეაგირება ნამდვილად არის საჭირო”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)