სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში და სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ განცხადებები პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის შესაძლო დაპატიმრების თაობაზე არის ”ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა”.
პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გააყალბა მტკიცებულება, რათა გაემართლებინა ბიზნესმენის დაგეგმილი დაპატიმრება მისი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში.
”ამგვარი განცხადებები შეიძლება ემსახურებოდეს ორ მიზანს: პირველი მიზანია, რომ გაამართლონ პატარკაციშვილის საქართველოში არჩამოსვლა და შექმნან ამისთვის შესაძლო მიზეზები და მეორე და მთავარი მიზანი – მიანიჭონ პატარკაციშვილის კანდიდატურას იმაზე ბევრად მეტი მნიშვნელობა, ვიდრე მას შეიძლება ჰქონდეს არსებული რეალობის პირობებში,” – განაცხადა ბაქრაძემ 21 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშმა, რომ პატარკაციშვილი არის ერთ-ერთი კანდიდატი პრეზიდენტობის შვიდ რეგისტრირებულ კანდიდატს შორის და არცთუ ყველაზე მაღალრეიტინგული. ”ამიტომ, ბუნებრივია არ ვაპირებთ ასეთი ტიპის განცხადებებზე დეტალური კომენტარის გაკეთებას,” – განაცხადა მან.
ბაქრაძემ ასევე უარყო პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკის თამაზ ჩაკვეტაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თქმითაც ის ნოემბერში დააპატიმრეს და მოგვიანებით აიძულეს ყალბი ჩვენება მიეცა პატარკაციშვილის წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს ჩვენება უშუალოდ ეხებოდა პატარკაციშვილს, რომელიც თითქოსდა შეთქმულებისთვის იარაღის შეძენას აფინანსებდა.
”ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებთან და აღმოჩნდა, რომ ასეთი პიროვნება არ ყოფილა არც დაკავებული და არც დაკითხული. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს მისი ჩვენების სისწორეს,” – განაცხადა ბაქრაძემ.
20 დეკემბერს გადაცემა ”პრაიმთაიმთან” პირდაპირ ეთერში საუბრისას გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პატარკაციშვილზე ამჟამად სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.
”მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ყველა ის პრივილეგია, იმუნიტეტი, შეღავათი, თუ ვალდებულება, რომელიც ეკისრებათ პრეზიდენტობის კანდიდატებს, განსაზღვრულია კანონით და კანონის მიხედვით ყველა უნდა იმყოფებოდეს ერთნაირ პრიობებში,” – დასძინა ბაქრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)