Site icon Civil.ge

სააკაშვილის გუნდში ცვლილებები განხორციელდება

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ მთავრობაში განხორციელდება ცვლილებები, არამედ პოლიტიკურ გუნდშიც, განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 21 დეკემბერს.


”მთავრობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება და ბუნებრივია ცვლილებები იქნება პოლიტიკურ გუნდშიც,” – განაცხადა ბურჯანაძემ ქუთაისში სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრაზე.


მან აღნიშნა, რომ ”პოლიტიკურ გუნდში” ცვლილებების განხორციელება საჭიროა, რადგანაც ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. 


”თითოეულ კონკრეტულ ეტაპზე კონკრეტული ხალხია საჭირო ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად, თუმცა დგება დრო, როდესაც შესაძლოა საჭირო გახდეს ამ ხალხის შეცვლა სხვებით, რომლებიც კონკრეტულ საქმეს გააკეთებენ მომავალში,” – განაცხადა მან. მისი ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავიდა. 


ბურჯანაძის ამ განცხადებას წინ უძღოდა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის ხელახლა არჩევის შემთხვევაში მის გარემოცვაში ცვლილებები იგეგმებოდა.


ეს ვარაუდები ძირითადად იმ გავლენიანი პირების ტელე-ეთერიდან გაუჩინარებამ გამოიწვია, რომელბსაც რადიკალური პოზიცია ეკავათ ნოემბრის დასაწყისში არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს. დეპუტატ გიგა ბოკერიას ბოლო დროს საჯარო აქტიურობის აშკარა შემცირება კონსტრასტში მოდის იმ წამყვან როლთან, რომელიც მას ბოლო წლების განმავლობაში ეკავა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დეპუტატი მაია ნადირაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძეც ასევე პრაქტიკულად არ გამოჩენილან ბოლო დროს ტელე-ეთერებში.


საკმაოდ მოულოდნელად მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე თავისი კამპანიის სპიკერად, ხოლო აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა.  თუმცა, ეს უკანასკნელი მხოლოდ სიმბოლურ როლს ასრულებს ამ თანამდებობაზე.  


ამასობაში, ოპოზიციური კოალიციის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტების ჯგუფმა 21 დეკემბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ლოზუნგები: ”გვიჩვენეთ თქვენი გუნდი”. მათ ასევე ეჭირათ გიგა ბოკერიას და ვანო მერაბიშვილის ფოტოები. 
 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)