Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრი ”იმედზე” და პატარკაციშვილზე საუბრობს

ტელეკომპანია ”იმედის” ფუნქციონირება არხის ხელმძღვანელობისა და დამფუძნებლების გადასაწყვეტი საკითხია, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ და იქვე დასძინა, რომ რაც უფრო მეტი მედია-საშუალება იქნება ქართულ ტელესივრცეში, მით მაღალია დემოკრატიის ხარისხი. 


”იმედია, რომ ”იმედი” გავა ეთერში რაღაც მომენტში. არ ვიცი რა ფორმატით და როდის მოხდება ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი [ტელეკომპანიის] გადასაწყვეტია,”- განაცხადა გურგენიძემ.


ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა ბოლო ორი თვის განმავლობაში 26 დეკემბერს უკვე მეორედ შეწყვიტა. განსხვავებით 7 ნოემბრისაგან, როცა ტელეკომპანია სპეცრაზმის ძალით დაიხურა, ამჯერად ”იმედის” თანამშრომლებმა და ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არხი ”დროებით წყვეტს” მაუწყებლობას ტელეკომპანიის მფლობელის ბადრი პატარკაციშვილის და ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად, რათა გაემიჯნოს ”ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს”.


”იმედის” დახურვიდან ცოტა ხანში პატარკაციშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ ”შანტაჟისა და მუქარის” მიუხედავად, აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო 8-10 დღის განმავლობაში პატარკაციშვილი ისარგებლებს პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით და მას სრული საშუალება ექნება კონსტიტუციური მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის.


”ის რჩება კანდიდატად იმიტომ, რომ ის სამართლებრივი ქმედებები, რომელთა განხორციელება დაიწყო და რომელთა შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილე [ნიკა გვარამია] გააგრძელებს ინფორმირებას საზოგადოების, ჯერ-ჯერობით არ ასახულა მის სტატუსზე, როგორც კანდიდატისა,”- განაცხადა გურგენიძემ. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)