Site icon Civil.ge

გაჩეჩილაძე ოპონენტების ”ბინძურ თამაშებზე” საუბრობს

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე უკანასკნელი პერიოდის მოვლენებს აფასებს, როგორც მისი კონკურენტების – მიხეილ სააკაშვილის და ბადრი პატარკაციშვილის ”ბინძური თამაშს”, მიმართულს საქართველოს წინააღმდეგ.


”ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ორივესგან, რომ ეს ბინძური თამაში გადაიტანონ სამართლებრივ ჭრილში,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, ”კატეგორიულად მოვითხოვ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომ ეს ბინძური თამაში იქნას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოძიებული”.


მისი თქმით, საერთო სახალხო მოძრაობა არ შეურიგდება ”არჩევნების დასამარების, მედიის დისკრედიტაციის და ”იმედის” დახურვის თამაშს” პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის გამართული კომპომატების ომის ფონზე.  

გაჩეჩილაძემ ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს 29 დეკემბერს, 13 საათზე შეიკრიბონ რიყეზე არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად.


რამდენიმე დღის წინ ”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუში გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პატარკაციშვილთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ბიზნესმენმა მოხსნას კანდიდატურა. გაჩეჩილაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის არჩევის შემთხვევაში დაცარიელებული ხაზინის შესავსებად პატარკაციშვილის ფინანსურ დახმარებას მიესალმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)