Site icon Civil.ge

ოპოზიციური კოალიცია გაყალბების წინააღმდეგ გამაფრთხილებელ აქციას მართავს

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს, დღეს თბილისში, რიყეზე არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამაფრთხილებელ აქციას მართავს.


”ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ხელისუფლება აპირებს გააყალბოს არჩევნები და არ გავაყალბებინებთ,”- განუცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია ”მზეს”, ”ხალხი დაიცავს თავის საკუთარ ხმებს – ეს არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში. ჩვენი ერთადერთი ძალა, ერთადერთი საყრდენი არის ხალხი”. 


აქცია რიყეზე 13 საათზე დაიწყო, სადაც ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.  2-7 ნოემბრის აქციების შემდეგ ეს ოპოზიციური კოალიციის უკვე მესამე დემონსტრაციაა. კოალიციამ 25 ნოემბერს ასევე გამართა მშვიდობიანი მანიფესტაცია ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის მოთხოვნით. 


დღესვე ოპოზიციის აქციას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვერ ხედავ პრობლემას მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვაში, რადგან ეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის უფლებაა.


”მთავარია, რომ აქცია იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში,”- აღნიშნა ბურჯანაძემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)