ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განაახლებს ტელეკომპანია ”იმედი” მაუწყებლობას, განაცხადა ტელეკომპანიის პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 8 იანვარს გამოქვეყნდა.
”ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, თუ როდის აღდგება მაუწყებლობა,” – განაცხადა თარგამაძემ, ”თუ ამ საკითხის იურიდიულ მხარეს შევხედავთ, ერთი თვეა ვადა, რომლის გასვლის შემდეგ მაუწყებლობის არქონა იწვევს პრობლემებს ლიცენზიებთან დაკავშირებით”.
ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლებმა და ადმინისტრაციამ 26 დეკემბერს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია ”დროებით წყვეტს” მაუწყებლობას, რათა გაემიჯნოს ”ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს” და ასევე ტელევიზიის მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის და ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად. მანამდე ტელეკომპანია ბევრმა წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა. ყველა ამ მოვლენას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კომპრომატული ვიდეო და აუდიო მასალის გამოქვეყნება, რომელიც პატარკაციშვილს და მის მოკავშირეებს შეთქმულების მოწყობაში ამხელდა. აუდიო ჩანაწერში პატარკაციშვილი სთავაზობს 100 მილიონ დოლარს შსს-ს მაღალჩინოსანს ერეკლე კოდუას იმის სანაცვლოდ, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ”განეიტრალება” მოახდინოს.
თარგამაძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ”იმედში” დარჩენილი ჟურნალისტები იმ შემთხვევაში გააგრძელებენ ტელევიზიაში მუშაობას, თუ იქნება მიღებული იმის გარანტიები, რომ News Corporation-ი ტელეკომპანიის მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას იკისრებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)