Site icon Civil.ge

სააკაშვილი: მზად ვართ დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც საარჩევნო ბატალიები ჩაივლის საქართველოში და თუ ის იქნება პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული, მზადაა განაახლოს საუბარი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე.


”მე მზად ვარ ხელახლა გავუწოდო მათ ხელი. ჩვენ აუცილებლად ინაუგურაციაზე მოვიწვევთ რუსეთის პრეზიდენტსაც [ვლადიმერ პუტინს] და აუცილებლად ჩვენ შევეცდებით, რომ რუსეთთან სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ეს ურთიერთობები,”- განაცხადა სააკაშვილმა 8 იანვარს ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ თოქ-შოუში, ”ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს ურთიერთობები ავაწყოთ და ვალდებულები ვართ, რომ მინიმუმ ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც ამ ურთიერთობების სიძნელეებთან არის დაკავშირებული, ყველამ ერთად მოვხსნათ”.  


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად რუსეთის მიმართ უამრავი პრეტენზიისა,  წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეგნებულად არ გაათამაშა რუსეთის ”კარტი”, მითუმეტეს, რომ ეს თემა მისთვის ელექტორატის მოზიდვის წყარო იქნებოდა. ”რატომ? იმიტომ, რომ პასუხისმგებლობით მივუდეგი ამ საკითხს,”- განმარტა სააკაშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს რუსეთის ბაზარი, სადაც ქართული პროდუქციის მიმართ ემბარგო 2006 წლის გაზაფხულიდან დაწესდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)