პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა განაახლოს დიალოგი რუსეთთან ქართულ ალკოჰოლურ სასმელებსა და მინერალურ წყლებზე დაწესებული ემბარგოს მოსახსნელად.
”გადავწყვიტოთ რა ფორმით, რა რეჟიმში და რა ფორმატით განვაახლოთ ეს დიალოგი,”- განუცხადა გურგენიძემ დღეს მთავრობის წევრებს, ”და ბუნებრივია შევხედოთ ამ დიალოგის საფუძველზე, თუ რამდენად რეალურია მართლაც ჩვენი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება რეალისტურ ვადებში”.
ამ განცხადებით გურგენიძემ რეაგირება მოახდინა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს გზავნილზე.
ონიშენკომ, რომლის უწყების ბრძანებითაც ”უხარისხობის” მოტივით აიკრძალა 2006 წლის გაზაფხულზე ქართული პროდუქციის იმპორტი რუსეთში, 7 იანვარს გამოთქვა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების განახლების სურვილი.
”ჩვენ მზად ვართ გამოვთქვათ ჩვენი წინადადებები იმავე რეჟიმში, როგორც ეს მოლდავეთის მხარის მიმართ მოხდა,”- აღნიშნა ონიშენკომ.
მოლდავურ ღვინოებზე ემბარგო, რომელიც ქართულ პროდუქციასთან ერთად დაწესდა, რუსეთმა 2006 წლის მიწურულს მოხსნა პრეზიდენტების დონეზე მიღწეული შეთანხმების შედეგად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)