Site icon Civil.ge

ბოკერია საპატრიარქოსთან დაპირისპირების თაობაზე გავრცელებულ ხმებს პასუხობს

ხმები დეპუტატ გიგა ბოკერიასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შორის მომხდარი დაპირისპირების თაობაზე უარყვეს როგორც თავად ბოკერიამ, ისე საპატრიარქომ. ბოკერიას თქმით, ეს იყო ” მტკნარი და ბინძური სიცრუე”.


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ ბოკერიამ სთხოვა პატრიარქს საპრეზიდენტო არჩევნების წინ საჯაროდ დაეჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილისთვის. თუმცა, ამავე ხმების თანახმად, ილიამ II-მ უარი განაცხადა, რამაც ბოკერიას გაბრაზება გამოიწვია, რის გამოც პატრიარქის დაცვამ მას შეუტია.


”მინდა გამოვეხმაურო ერთ ძალიან უსიამოვნო ჭორს, რომელიც ბოლო ერთი კვირაა თუ მეტი ვრცელდება, რომლის მიხედვითაც თითქოს მე ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით საქართველოს პატრიარქს, მის უწმინდესობას ვთხოვდი პოლიტიკური პოზიციის დაკავებას და ეს ჭორი იქამდეც კი მივიდა, რომ თითქოს რაღაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი,” – განაცხადა ბოკერიამ, ”სამწუხაროდ, შემდეგ ეს ჭორი აიტაცა რამოდენიმე გაზეთმა და რამოდენიმე პოლიტიკოსმაც კი”.


”მინდა განვაცხადო, რომ თითოეული სიტყვა ამ ჭორისა არის მტკნარი და ბინძური სიცრუე. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მეთოდებს იყენებენ ზოგჯერ პოლიტიკაში.   მე ვთვლი, რომ ეკლესიის და საქართველოს პატრიარქის სახელით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის არის უზნეობა. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ვინ ცდილობდა ამ ღირებულებებით სპეკულირებას არცთუ ისე დიდი ხნის წინ,” – დასძინა ბოკერიამ იგულისხმა რა ბადრი პატარკაციშვილის ბოლო დროინდელი განცხადება.


წერილობით განცხადებაში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასევე უარყო ეს ხმები და განაცხადა, რომ ბოკერია დიდი ხანია არ სტუმრებია საპატრიარქოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)