დაგეგმილი საკადრო ცვლილებები მთავრობის ნახევარზე მეტს შეეხება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 17 იანვარს.
მისი თქმით, თანამდებობას დატოვებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე. ”არველაძე კერძო ბიზნესში აპირებს წასვლას,” – განაცხადა გურგენიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე გადაცემა Primetime-ში საუბრისას.
გურგენიძემ ასევე განაცხადა, რომ ახალ მთავრობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ დაკომპლექტდება, ის მოიწვევს ”ახალ სახეს” სანდრო კვიტაშვილს. ”სანდრო დაბრუნდება საქართველოში ნიუ-იორკიდან, სადაც ექვსი წელი დაჰყო,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, თუმცა ამ პიროვნებაზე დეტალური ინფორმაციის მოწოდებისგან მან თავი შეიკავა.
გურგენიძემ ასევე არ ისაუბრა მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების დეტალებზე. ”ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რაც უკვე ვთქვი,” – დასძინა მან.
მან აღნიშნა, რომ ასევე იგეგმება მთავრობის სტრუქტურული რეფორმა, რომლის დროსაც რამდენიმე ვიცე-პრემიერის პოსტი იქნება შემოღებული, ამჟამად ერთი ვიცე-პრემიერის პოსტი არსებობს. გურგენიძემ უარყო ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დაიყოფა. ”პირადად მე ამგვარი დაყოფის წინააღმდეგი ვარ,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)