”ნახვამდის იარაღო, გამარჯობა ახალო იარაღო,” განაცხადა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალ შეიარაღებაზე გადასვლის შესახებ საუბრისას. მისი თქმით, ”კალაშნიკოვის” წარმოების იარაღი ამერიკული M4-ის ტიპის საბრძოლო იარაღით შეიცვლება.
”დღეს არის ისტორიული დღე ქართული შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენ ვიწყებთ პრაქტიკულად მთლიანად დასავლურ, ყველაზე საუკეთესო შეიარაღებაზე გადასვლას. დღეს ჩვენ გადავდივართ ყველაზე საუკეთესო ავტომატზე მსოფლიოში – M4-ზე,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ეს განცხადება 18 იანვარს გორში ახლადაშენებული სამხედრო ბაზის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა. სააკაშვილის თქმით, ბაზის მშენებლობა არჩევნებამდე დასრულდა, თუმცა მისი გახსნისგან თავი შეიკავა, რადაგანაც არ უნდოდა, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ პროცესებთან დაეკავშირებინათ.
”შემოვიდა ჩვენი ჯარის განკარგულებაში ახალი ჯავშანტექნიკა, რომელიც პასუხობს ნატოს სტანდარტებს, ახალი არტილერია, რომელიც გამოშვებულია დასავლური ქვეყნების მიერ და პასუხობს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ მთლიანად ვცვლით ჩვენ საავიაციო ტექნიკას და გადავდივართ დასავლურ სტანდარტებზე. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ პირველი შეიარაღებული ძალები ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც ასეთი მასშტაბით და ერთდროულად ასეთი სიჩქარით გადადის დასავლურ ტექნიკაზე, დასავლურ შეიარაღებაზე… მე მართალი გითხრათ, ვერც კი წარმომედგინა, ვოცნებობდი ამაზე, მაგრამ არ მჯეროდა, რომ ამას გავაკეთებდით. გავაკეთეთ და კიდევ ბევრ რაღაცეებს გავაკეთებთ. ყველაზე უფრო სკეპტიკურ ხალხსაც გავაკვირვებთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”განსხვავება ძველ სისტემასა და ახალ სისტემას შორის არის ის, რომ დასავლური ტექნიკა, დასავლური შეიარაღება, საუკეთესო დასავლური სტანდარტები ეს არის დემოკრატიული ქვეყნის ჯარისკაცები, დემოკრატიული ქვეყნის ოფიცრები და სერჟანტები. დემოკრატიულ ქვეყანას სჭირდება მოაზროვნე, მომზადებული, კარგად აღჭურვილი მცირერიცხოვანი ჯარი, რომელიც დაიცავს დემოკრატიას და თავისუფლებას თავის ქვეყანაში, დაიცავს მოქალაქეთა მშვიდ ძილს,” – მიმართა სააკაშვილმა ჯარისკაცებს გორის სამხედრო ბაზაზე. ”მე გუშინ მომიტანეს ამერიკის კონგრესის ყოველდღიური გაზეთი და პირველ გვერდზე იქ არის დიდი სათაური ”საქართველო კიდევ ერთხელ ასწავლის მსოფლიოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები” და მე მართლაც ამით ვამაყობ. მე ვამაყობ იმით, რომ კიდევ ბევრი რამით განვაცვიფრებთ მსოფლიოს და დემოკრატიულ სამყაროს. თქვენ ხართ დემოკრატიული ქვეყნის ჯარისკაცები, თქვენ ხართ დემოკრატიის და თავისუფლების დამცველები. თქვენ ხართ ჩვენი ღირსების დამცველები და თქვენ ქმედებაზე, თქვენ გამბედაობაზე, თქვენ წარმატებაზე დამოკიდებულია საქართველოს ბედი ასწლეულების განმავლობაში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)