Site icon Civil.ge

როიტერი: ლონდონში პატარკაციშვილის საქმეზე ქართველი გამომძიებლები იმყოფებიან

ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით ლონდონში ქართველ გამომძიებელთა ჯგუფი იმყოფება, იტყობინება ”როიტერი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.


”პატარკაციშვილს ბრალი ედება შეთქმულების დაგეგმვაში, მოსყიდვაში და ასე შემდეგ, და მან ეს დანაშაულები ლონდონში ჩაიდინა,” – იტყობინება ”როიტერი” წყაროზე დაყრდნობით, ”ეს ქმედებები დიდ ბრიტანეთშიც ისჯება”.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია. ანალოგიური იყო გენერალური პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენლის პასუხიც.


10 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა შეთქმულებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტის მომზადებაში.


15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატარკაციშვილს დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეორე დღეს მასზე ძებნა გამოცხადდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)