აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა 18 იანვარს თბილისში ჩამოვიდა. იგი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს.
19 იანვარს იგი ასევე შეხვდა ოპოზიციური კოალიციის ლიდერებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა მათ ბრაიზას იმ ”ძალიან ბევრი შეცდომის” თაობაზე მიუთითეს, რაც ამერიკულმა მხარემ დაუშვა ამ არჩევნების შეფასებისას.
”იმიტომ, რომ ეს არ იყო ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნების აღიარება. მე მაინც ძალიან ვწუხვარ, რომ მათ გააკეთეს არასწორი და მცდარი შეფასებები,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”დაგვპირდნენ[ამერიკელი დიპლომატები], რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები პატიოსან სიტყვას გაძლევთ რომ უფრო მნიშვნელოვნად თავისუფალი იქნება, ვიდრე ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნები”.
ცოტა ხნის წინ ბრაიზა ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ქართული ტელევიზიით არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ განაცხადა – ყოველ შემთხვევაში, როგორც ეს ითარგმნა – რომ არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა. გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან გააკრიტიკა აშშ არჩევნების დადებითი შეფასების გამო, და აღნიშნა, რომ ”ყველამ იცის”, რომ ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბრაიზამ, რომელიც სააკაშვილის ”პირადი მეგობარია”.
თუმცა ბრაიზასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური კოალიციიდან აღნიშნა, რომ ქართული ტელევიზიები ხშირად შეცდომებს უშვებენ უცხოელი დიპლომატების განცხადებების თარგმანის დროს და ასევე ფოკუსირდებიან მათი შეფასებების მხოლოდ დადებით მხარეებზე, რის გამოც მოსახლეობას მათ მიმართ უარყოფითი განცდა უჩნდება.
”ეს ასევე იყო შემჩნეული ეუთოს ანგარიშის შესახებ, სადაც რაც დადებითია იმას აშუქებთ და რაც უარყოფითი არის ამ ხელისუფლებისათვის იმას არ აშუქებთ,”- განუცხადა დღეს ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, ”ამის გამო ნაწილობრივ შეიქმნა უარყოფითი განწყობა მოსახლეობაში ამერიკის მიმართ დასავლეთის მიმართ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ უნდა გავრცელდეს ასეთი ტალღა მოსახლეობაში”.
ამერიკელ დიპლომატს დღეს ასევე აქვს დაგეგმილი შეხვედრები სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან, მათ შორის ახალი მემარჯვენეების ლიდერთან დავით გამყრელიძესთან, რომელმაც მეთიუ ბრაიზა ასევე გააკრიტიკა.
”როდესაც ჩემი მეგობარი, მეთიუ ბრაიზა გამოდის არჩევნებიდან მეორე დღესვე და აცხადებს, რომ გაიმარჯვა და გვეუბნება ოპოზიციას, რომ თქვენ არ გეკადრებათ ასე მოქცევა, ეს არის ძალიან არასერიოზული და მე მას აუცილებლად ვუსაყვედურებ, როდესაც შევხვდები,” – განაცხადა ცოტა ხნის წინ გამყრელიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)