Site icon Civil.ge

ახალი მთავრობის შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ლადო გურგენიძე დღეს 18 საათზე ჩაატარებს პრეს-კონფერენციას, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს.


დღეს დილით, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა რომ ახალი მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად 25 იანვარს წარედგინება.

”ხვალ გაიმართება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა და საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტს დასამტკიცებლად,”- განაცხადა ხუროშვილმა.


მისი თქმით, წარდგენიდან 4 დღის განმავლობაში მინისტრების კანდიდატურებს კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილავენ და ამის შემდეგ გავა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად. 

მთავრობაში სულ ცოტა ერთი ახალი სახე იქნება. ეს არის სანდრო კვიტაშვილი, პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის დიდი ხნის ნაცნობი, რომელიც, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრი გახდება.


ასევე ვრცელდება ვარაუდები მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გია ნოდიას განათლების მინისტრად შესაძლო დანიშვნის თაობაზე. ხოლო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების საქართველოს ფონდის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა თემურ იაკობაშვილმა უკვე დაადასტურა, რომ მას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შესთავაზეს.  ის ამ პოსტზე დავით ბაქრაძეს შეცვლის.


მედიის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება, რომელიც ამ თანამდებობაზე გელა ბეჟუაშვილს შეცვლის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 იანვარს დაადასტურა, რომ ბეჟუაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება.


მედიის ვარაუდების თანახმად, ბეჟუაშვილი ეროვნული უშიშროების მდივნის პოსტს დაიკავებს, კახა ლომაიას ნაცვლად. ეს უკანასკნელი კი დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნება. გელა ბეჟუაშვილს 2005 წელს, დაახლოებით ოთხი თვის მანძილზე, უკვე ეკავა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა.


მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები არ შეეხებოდა იუსტიციის მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, იგი ასევე დატოვებს ამ თანამდებობას. 


პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარი მოკავშირე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს თანამდებობას; ასევე დარჩება თავის პოსტზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.


ამ ეტაპზე მხოლოდ ის დასტურდება, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე არა მხოლოდ მთავრობას ტოვებს, არამედ საერთოდ პოლიტიკიდან მიდის. მედიის ცნობით, მის პოსტს ეკა შარაშიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დაიკავებს.


ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გოკა გაბაშვილს ან მისი მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილი, ან ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე შეცვლის.


ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი გარემოს დაცვის მინისტრი გახდება, რომელიც ამ პოსტზე დავით ჩანტლაძეს შეცვლის. ამავე ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე პირველი ვიცე-პრემიერი გახდება. 


სხვა საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)