Site icon Civil.ge

მმართველ პარტიის რეაქცია ოპოზიციის მემორანდუმზე უცნობია

12 ოპოზიციური პარტიის მემორანდუმზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ 17 მოთხოვნას ასახავს, საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს. 29 იანვარს გამოქვეყნებული მემორანდუმის ერთ-ერთი ადრესატია პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.


პარლამენტის სპიკერის აპარატის ხელმძღვანელი, დეპუტატი ირინა ქურდაძე აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძე მას შემდეგ, რაც გაეცნობა მემორანდუმის შინაარსს საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ოპოზიციის მოთხოვნებზე. 


”პარლამენტის თავმჯდომარე დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის,”-დასძენს  ქურდაძე.


ოპოზიციამ ხელისუფლებას მემორანდუმის მოთხოვნებზე პასუხის ბოლო ვადად 15 თებერვალი დაუწესა და იმავე დღეს დანიშნა საპროტესტო აქცია, რომელიც მათი წინადადებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.


ოპოზიცია მოითხოვს საპრეზიდენტო არჩევნების სადავო ოლქების შედეგების გადათვლას; საპარლამენტო არჩევნების აპრილში დანიშვნას; საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტული წესით დაკომპლექტების კუთხით; საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმირებას და კერძო მედიაზე მონიტორინგის დაწესებას; ასევე უფლებას ახლადარჩეულმა პარლამენტმა დაამტკიცოს მთავრობის შემადგენლობა და სხვა.


მამუკა კაციტაძე, დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან, მიიჩნევს, რომ ორი კვირა სრულიად საკმარისი დროა იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს თავისი მიდგომა მემორანდუმის მოთხოვნებთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის 17-ვე მოთხოვნა სავალდებულო შესასრულებელია.


”ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ ხელისუფლების რეაქციას,” – აცხადებს მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წარმომადგენელი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, ”უმჯობესია ადეკვატურად აღიქვას ხელისუფლებამ სიტუაცია, რომელიც ძალზედ კრიტიკულია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)