ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია კვლავ განაგრძობს საპროტესტო კამპანიას ლოზუნგით ”საქართველო სააკაშვილის გარეშე,” განაცხადა დღეს ოპოზიციური კოალიციის სახელით კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
5 თებერვალს ოპოზიციური კოალიცია დაიწყებს თბილისში ხელმოწერების შეგროვების კამპანიას – ”მე არ ამირჩევია სააკაშვილი”. 7 თებერვალს რუსთაველის გამზირზე მოეწყობა აქცია სახელწოდებით – ”ხმების ქურდები”. 8 თებერვალს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში გაიმართება მიტინგი.
ამ აქციების ფონზე გაგრძელდება დიალოგი მმართველ პარტიასთან ოპოზიციის 17-პუნქტიანი მემორანდუმის თაობაზე. მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, 1 თებერვალს შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან. მომდევნო შეხვედრა 5 თებერვალს გაიმართება.
იმავდროულად, ოპოზიცია ემზადება 15 თებერვლის მასშტაბური აქციისათვის, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იგეგმება.
”თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აქციები, დამოკიდებული იქნება მემორანდუმში ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებაზე [ხელისუფლების მხრიდან],” – განაცხადა 4 თებერვალს ზვიად ძიძიგურმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)