Site icon Civil.ge

ყაზახურმა სახელმწიფო კომპანიამ ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალი შეიძინა

Greenoak Group -მა ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო პორტი ყაზახურ სახელმწიფო კომპანიას KazMunaiGas-ს მიყიდა, განაცხადა Greenoak-მა 5 თებერვალს. თუმცა, გარიგების თანხა არ გაუხმოვანებია.


Greenoak-მა ბათუმის ნავთობტერმინალი 1999 წელს იყიდა. კომპანიის თქმით, მან 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ტერმინალში. ამჟამად, ტერმინალის გამტარობა 15 მილიონ ტონაზე მეტს შეადგენს წელიწადში.


ბათუმის პორტი კი Greenoak-მა 2006 წელს შეიძინა 92 მილიონ აშშ დოლარად. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ პორტი არ გაყიდულა, არამედ მისი მართვის უფლება გადაეცა Greenoak-ს 49 წლით. თუმცა, Greenoak-მა ეს კატეგორიულად უარყო. ” Greenoak-მა იყიდა ბათუმის პორტი,” – განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მზია გეგენავამ Civil.Ge-ს 6 თებერვალს. Greenoak-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა მოგენს ჰანსენმა ასევე განაცხადა პრეს-რელიზში, რომ ბათუმის პორტი ”შეძენილ იქნა”.


Greenoak-ის განცხადებით, ის ამ ეტაპზე განაგრძობს ნავთობტერმინალის და პორტის მართვას ახალი მეპატრონის თანხმობით.    


KazMunaiGas-მა Greenoak-თან პარტნიორული ურთიერთობები 2006 წლის სექტემბერში დაამყარა, როდესაც ორი კომპანია ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდა, რაც უზრუნველყოფდა მეტი ყაზახური ნედლი ნავთობის შემოდინებას ბათუმის ნავთობტერმინალში. 2007 წლის მარტში ორი კომპანია ბათუმში ერთობლივი საწარმოს – ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზე  შეთანხმდა.


”ყაზახეთის მონაწილეობით შესაძლებელი გახდება ნავთობის სტაბილური შემოდინება სატრანზიტო დერეფნის საშუალებით, რაც კიდევ 20 000 ქართველ მუშახელს დაასაქმებს. ბათუმის ნავთობტერმინალზე და ბათუმის პორტში უკვე დასაქმებულია 2 000 ადამიანი,” განაცხადა მოგენს ჰანსენმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)