იანვრიდან რუსეთის ბაზარზე აფხაზური ღვინოების გატანა განახლდა თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, როცა 2006 წლის მარტში რუსეთმა აკრძალა ღვინის იმპორტი საქართველოდან.
”აფსნიპრესი” 6 თებერვალს ”აფხაზეთის ღვინოებისა და წყლების” კომპანიის ხელმძღვანელის ნიკოლაი აჩბას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფხაზური ღვინოების რუსეთის ბაზარზე დაშვება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რუსმა სპეციალისტებმა ღვინის ხარისხი შეისწავლეს.
”ჩვენი ღვინოების გაყიდვა მართლა შეიძლება რუსეთში,”- განაცხადა აჩბამ, ”ჩვენი არანაირი მცდელობა ამას არ დაეხმარებოდა, რომ არა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის და მთავრობის აქტიური როლი. მთელი ეს ორი წელი ისინი აქტიურად მუშაობდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან აფხაზური ღვინოების რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად”.
მისი თქმით, კომპანიამ იანვარში 120 ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა და ამ თვეში რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.
ცოტა ხნის წინ თბილისმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა მოიწვიოს კომპეტენტური კომისია რუსეთიდან, რომელიც ქართული ღვინოების დაბრუნების მიზნით შეისწავლის პროდუქციის ხარისხს. რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ ამ თემაზე თბილისთან მოლაპარაკებების განახლების სურვილი 7 იანვარს გამოთქვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)