ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილმა წამყვანმა და პოლიტიკური პროგრამების ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ, რომელმაც გასულ თვეს ტელეკომპანია დატოვა, 7 თებერვალს პოლიტიკური პარტია ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” პრეზენტაცია გამართა. მოძრაობა გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, ახალი მოძრაობის ”უკომპრომისო ბრძოლის” ძირითად მიზანს წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობისთვის სახელმწიფო რელიგიის სტატუსის მინიჭება.
”უახლოეს მომავალში ჩვენი მოძრაობა მთელ საქართველოში, ყველა ქალაქსა და სოფელში იწყებს ხელმოწერების შეგროვების მასშტაბურ აქციას საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობისათვის ოფიციალური რელიგიის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით,” – განაცხადა თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ”ეს წარმოადგენს ძირითად მიზანს ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის უკომპრომისო ბრძოლისა, რომელშიც დამარცხდება არსებული რეჟიმის უზნეობა, უსამართლობა და ფარისევლობა”.
თარგამაძის ახალ პოლიტიკურ პარტიაში ასევე გაწევრიანდა ტელეკომპანია ”იმედის” რამდენიმე ყოფილი ჟურნალისტი, რომელთაც ასევე დატოვეს ტელეკომპანია გასულ თვეს. მათ შორის არიან მაგდა ანიკაშვილი და გიორგი ახვლედიანი, ასევე ”იმედის” ყოფილი პროდიუსერი ლევან ვეფხვაძე.
თარგამაძე აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყო 2003 წლის მარტამდე. სწორედ ამ დროს დატოვა მან პარლამენტი და პოლიტიკიდინაც წავიდა. შემდეგ მან ტელეკომპანია ”იმედში” დაიწყო მუშაობა.
იანვარში ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების გეგმებზე საუბრისას თარგამაძემ აღნიშნა, რომ კორექტული არ იქნება იმის თქმა, რომ ის პოლიტიკურ არენაზე ბრუნდება. ”როდესაც აღორძინების კავშირში ვიყავი, ეს არ იყო ჩემი პოლიტიკა; ახლა მე ვქმნი ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მოძრაობას,” – განაცხადა მან. თუმცა, თარგამაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ განცხადების გაკეთებით ის არ ემიჯნება თავის პოლიტიკურ წარსულს. ”მე ვამაყობთ ამით და ჩემს წარსულში არაფერია ისეთი, რისიც უნდა მრცხვენოდეს,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)