Site icon Civil.ge

ბრიტანული პრესა პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო საათებზე წერს

ბრიტანული პოლიცია აცხადებს, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს, თუმცა ვალდებულია გარდაცვალების შემთხვევა განიხილოს საეჭვოდ, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, იუწყება Guardian 14 თებერვალს.


გაზეთი ასევე საუბრობს პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო საათებზე. 12 თებერვალს ბრიტანული დროით 11 საათზე, Guardian-ის თანახმად, პატარკაციშვილი შეხვდა ბრიტანეთის ყოფილ გენერალურ პროკურორს ლორდ გოლდსმითს, რომელიც მისი ადვოკატი იყო. მათი შეხვედრა შედგა იურიდიული ფირმის Debevoise & Plimpton ლონდონის ოფისში, სადაც გოლდსმითი ევროპულ საქმეებს კურირებს. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ პატარკაციშვილის რუსი ბიზნეს-პარტნიორები იული დუბოვი და ნიკოლაი გლუშკოვი. დღის 4 საათზე, შეხვედრას შეუერთდა ლორდ ბელი, პატარკაციშვილის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და ბორის ბერეზოვსკი, პატარკაციშვილის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი და მეგობარი. საუბარი კიდევ ერთ საათს გაგრძელდა, რომლის განმავლობაში პატარკაციშვილმა დაიჩივლა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა, აცხადებს Guardian.


”Debevoise-ის ოფისებში ძალიან ცხელა და ყველა დახუთულად გრძნობდა თავს და ბადრიმ თქვა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა და დაბლა ჩავიდა ჰაერზე,”- აცხადებს ბელი, რომელიც ასევე შეუერთდა პატარკაციშვილს შეხვედრის შემდეგ, ”ამის შემდეგ ის მშვენივრად იყო”. ბელმა ასევე განაცხადა, რომ პატარკაციშვილი წინა დღეებშიც ამბობდა, რომ თავს ”100-ით კარგად ვერ გრძნობდა”.


პატარკაციშვილი 5 საათისთვის მისი და ბერეზოვსკის საერთო ოფისში  გაემგზავრა დაუნ სტრიტზე. დაახლოებით 7 საათისთვის ის საკუთარი Maybach-ის ტიპის ავტომობილით, რომელსაც მისი მძღოლი მართავდა, გაემართა სახლისკენ, ლონდონიდან 25 კილომეტრში. მისვლისას ის ოჯახის წევრებს შეხვდა. სასწრაფო დახმარება ადგილობრივი დროით 10:48 საათზე გამოიძახეს მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილს გული წაუვიდა და გარდაიცვალა. იმავდროულად, შეტყობინება მიიღო პოლიციამაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)