პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ოპოზიციის მოთხოვნებზე საპასუხო მემორანდუმით გამოხატა ნება გადაიდგას კომპრომისული ნაბიჯები.
ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა მმართველი პარტიის წინადადებები და მათ ”ცინიკური” უწოდა, რადგან ის არ პასუხობს ოპოზიციის მოთხოვნებს. ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია და სხვა ოპოზიციური ძალები, მათ შორის ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ დიალოგი არ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება კონკრეტულ შედეგებს არ დადებს და მოუწოდეს მხარდამჭერებს 15 თებერვლიდან მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებისაკენ.
14 თებერვალს თოქ-შოუ Primetime-ში საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის აქცია მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ეს აქცია დიდი ხნით ადრე დაიგეგმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დასაწყისშივე გამოიკვეთა ოპოზიციის სურვილი საპარლამენტო არჩევნებამდე პროტესტის, მათ შორის ქუჩის აქციების გზით მივიდნენ.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობას, მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლება, არ სურს დესტაბილიზაცია, მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაწყვეტილებების ფონზე, როგორიცაა კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება და თვის ბოლოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებები.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდება 15 თებერვლის საპროტესტო აქციის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)