ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია სამ კონკრეტულ მოთხოვნას აყენებს და ხელისუფლებას ”კატეგორიულად” თხოვს მათ შესრულებას:
1. დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი;
2. დაუყოვნებლივ გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი და შეიქმნას ცენტრალური საარჩევნო კომისია პარიტეტის საფუძველზე;
3. დაუყოვნებლივ გადადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი და დაინიშნოს არხის ახალი, მხარეებს შორის შეთანხმებული ადმინისტრაცია.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესრულების შემდეგ მზადაა გააგრძელოს საჯარო დიალოგი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებელ სხვა საკითხებზე, რომელიც 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ 29 იანვრის მემორანდუმში ასახა.
”მოთხოვნების შესრულებამდე 22 თებერვლის 14:00 საათიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციებს, მათ შორის: შიმშილობის აქციას მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც გაგრძელდება უვადოდ,”- ნათქვამია კოალიციის მიერ 16 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
იმავდროულად, ოპოზიცია საპროტესტო აქციების ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს საქართველოს ”დე-ფაქტო ხელისუფლებას”.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოლაპარაკებების გზით გადაეწყვიტა 7 ნოემბრის და 5 იანვრის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რადგან ”არ არის დაკმაყოფილებული ოპოზიციის და საპროტესტო აქციების მონაწილეების არცერთი მოთხოვნა”.
”რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დარღვეულია უკვე მიღწეული შეთანხმებები, რის გამოც აზრს კარგავს მოლაპარაკებების წარმოება ხელისუფლებასთან სხვა პრობლემატურ საკითხებზე,”- აცხადებს კოალიცია.
ეს განცხადება ოპოზიციის ლიდერებმა დღეს გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)