Site icon Civil.ge

მთავრობამ 50-დღიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 19 თებერვალს წარმოადგინა მთავრობის  პროგრმა ”50 დღის ანგარიში: ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”. ხელისუფლების განცხადებით, პროგრამა ითვალისწინებს მომდევნო 50 დღის მანძილზე განსახორციელებელ ქმედებებს, რაც შექმნის უცხოური ინვესტიციების გაზრდის, უმუშევრობის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევის პირობებს.


გურგენიძის განცხადებით, ამ გეგმის ნაწილია მთავრობის მიერ შემუშავებული ფინანსური პაკეტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 19 თებერვალს დაამტკიცა.


პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თებერვლისთვის მთავრობა აპირებს ე.წ. ”იაფი კრედიტის” პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებას, რაც ექსპორტის წახალისებას ისახავს მიზნად. პროგრამის პირველი ეტაპი სახელწოდებით ”საგადასახადო კრედიტი” ახლად შექმნილი საწარმოებისთვის იანვარში დაიწყო – რაც ნიშნავს, რომ წელს შექმნილი საწარმოები 2 000 ლარის ოდენობის გადასახადისგან თავისუფლდებიან და მისი გადახდა მათ მომდევნო ათი წლის მანძილზე მოუწევთ. გურგენიძემ ასევე განაცხადა, რომ თებერვალში განხორციელდება იაფი სესხის კომპონენტი – ”ცოდნის კარი”, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საკრედიტო რესურსს უცხოეთში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულთათვის.


მისი თქმით, საკუთრების უფლების დასაცავად ასევე იგეგმება დამატებითი კონსტიტუციური გარანტიების შექმნა.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მარტში ენერგეტიკის სამინისტრო იწყებს პროექტს მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის ინვესტიციების მოსაზიდად. მისი თქმით, ამ მიზნით 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება.


”შედეგად, ჩვენ მივიღებთ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალს მომდევნო ოთხი ან ხუთი წლის მანძილზე ელექტროენერგიის ექსპორტის შედეგად,” – განაცხადა გურგენიძემ.


ასევე მარტში, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს საქართველოს სოფლებში ექიმთა აღჭურვას ახალი სამედიცინო აპარატურით.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იწყებს მიწის ნაკვეთების გაყიდვას პროგრამის ”100 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმო” ფარგლებში.


მისი თქმით, მარტში მთავრობა გეგმავს უფასო საწვავის დარიგებას ფერმერებისთვის.


ასევე მარტში მთავრობა აპირებს მინიმალური პენსიის გაზრდას 55 ლარიდან 70 ლარამდე.


აპრილში, გურგენიძის განცხადებით, პრიორიტეტული იქნება ფოთის პორტის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტენდერის დასრულება და საბოლოო გამარჯვებულის შერჩევა. აპრილში ასევე იგეგმება ევროობლიგაციების სადებიუტო ემისიის პროექტის განხორციელება, რომლის დროსაც დამატებით 500 მილიონი დოლარის საინვესტიციო რესურსი შემოვა ქვეყანაში.


მაისში, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ”იაფი კრედიტის პროგრამის” მესამე კომპონენტის განხორციელებას გეგმავს, რაც ითვალისწინებს კრედიტებს 100 საუკეთესო ბიზნეს პროექტისთვის, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეირჩევა.


ასევე მაისში მთავრობა აპირებს პროექტის დაწყებას, რომელიც ითვალისწინებს ”ლეპტოპების” გადაცემას 7 000 საუკეთესო მოსწავლისთვის საქართველოს მასშტაბით.


20 თებერვალს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას ლადო გურგენიძემ მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ 50-დღიანი სამოქმედო პროგრამა არის ბერკეტი საზოგადოებრივი მონიტორინგისა მთავრობაზე და დასძინა, რომ მთავრობას მოუწევს ამ გეგმის განხორციელება.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)