Site icon Civil.ge

ვმო-ში გაწევრიანების გამო რუსეთი სასაზღვრო პუნქტების ლეგალიზებას თანხმდება – კოვზირიძე

ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის ორი ქვეყნის საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე არსებული გამშვები პუნქტების ლეგალიზების შესახებ პრინციპული შეთანხმება შედგა, განუცხადა Civil.ge-ს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ კოვზირიძემ, რომელიც 22 თებერვალს ჟენევაში უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე.


”მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი პრინციპული შეთანხმება სასაზღვრო გამშვები პუნქტების ლეგალიზების თაობაზე პირველად მოხდა,”- განაცხადა თამარ კოვზირიძემ, ”მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთი თანახმაა ამ საკითხის განხილვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ფარგლებში  მოხდეს, რაც აქამდე არ ყოფილა”.


თამარ კოვზირიძის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის ვადებსა და ფორმებზე, თუ როგორ მოხდება სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება.


”ეს შემდგომი შეხვედრების თემაა, ტექნიკური საკითხების განხილვა მარტსა და აპრილში მოხდება, მოლაპარაკებათა შემდგომ რაუნდებზე,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


საქართველოს მთავრობის მოთხოვნაა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ, მოსკოვი დათანხმდეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორი არალეგალური საბაჟო გამშვები პუნქტის – განთიადი-ადლერის და როკი-ქვემო ზარამაგის  – ლეგალიზაციას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.  აქამდე რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ამ საკითხის ვმო-ში გაწევრიანების ფორმატში განხილვას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)