48,000 აშშ დოლარის ღირებულების 10,500 ბოთლი ქართული ღვინო ამერიკის შეერთებული შტატების Whole Foods Market-ის ქსელში გაიყიდება. ეს იქნება ქართული ღვინის პირველი ფართომასშტაბიანი ექსპორტი ამერიკაში.
Whole Foods Market-მა, რომელიც ბუნებრივი და ორგანული საკვების საცალო ვაჭრობის უმსხვილესი საწარმოა, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით ხელშეკრულება გააფორმა კახეთში განთავსებულ ღვინის მწარმოებელ ქარხნებთან ”ვინოტერა” და ”წინანდლის ძველი მარანი,” განაცხადა აშშ-ს საელჩომ თბილისში 28 თებერვალს.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ქართულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა გასული წლის ივლისში ნიუ-იორკში მონაწილეობა მიიღეს Fancy Food Show-ში, სადაც თავიანთი პროდუქცია გაიტანეს. ამის საპასუხოდ, ამერიკელი ღვინის მყიდველები საქართველოში ჩამოვიდნენ ბიზნეს შესაძლებლობების გასახილველად. შედეგად, Whole Foods Market-ის დისტრიბუტორებმა კონტრაქტები გააფორმეს ”ვინოტერა” და ”წინანდლის ძველ მარანთან”.
აშშ-ს საელჩოს განცხადებით, 10,500 ბოთლის ოდენობის პირველი შეკვეთა ჩამოისხმება და გაიგზავნება სიეტლში. კონტრაქტის პირველ წელიწადში ეს რაოდენობა გაორმაგდება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ეკა შარაშიძე, აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი და USAID-ის მისიის დირექტორი რობერტ ვილსონი მიიღებენ მონაწილეობას 29 თებერვალს დაგეგმილ ღვინის ტურნეში, რომლის დროსაც შეამოწმებენ ”აშშ-ში ქართული ღვინის პირველი ფართომასშტაბიანი ექსპორტის” მომზადების პროცესს, განაცხადა აშშ-ს საელჩომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)