Site icon Civil.ge

სოხუმი დაკავებულ ჟურნალისტზე თბილისის გაფრთხილებას პასუხობს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში პრეზიდენტ სააკაშვილის ”იპულსურ ულტიმატუმზე” გამოხმაურებას არ აპირებს და ძალაში ტოვებს გადაწყვეტილებას ”საზღვრის დარღვევის” ბრალდებით დაკავებული სამი პირის არ გამოშვების და აფხაზური კანონმდებლობით გასამართლების თაობაზე, აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან ბჟანია.


 


ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტი და კიდევ ორი პიროვნება აფხაზურმა მილიციამ 26 თებერვალს დააკავა.


 


”ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ულტიმატუმების ენა ჩვენთვის მიუღებელია,”- იუწყება ”აფსნიპრესი” ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით, ”აფხაზეთის პოზიცია დაკავებულ პირთა ჯგუფის მიმართ, რომელთა შორის ასევე არიან ქართველი ჟურნალისტები, უცვლელი რჩება”.


 


27 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააფრთხილა ბაღაფში, რომ თუ ის არ გაათავისულებს დაკავებულებს, ამას ქართული პოლიცია სოხუმში მისი ბრძანებით გააკეთებს. ”მე მინდა ვუთხრა სერგეი ბაღაფშს და კარგად მომისმინოს მისთვის ძალიან კარგად გასაგებ ქართულ ენაზე, მინდა ვუთხრა – ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს დაჭერილი ჟურნალისტი, მოტაცებული ჟურნალისტი, ან მე საქართველოს პრეზიდენტი მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას გაათავისუფლოს ბასილაია სოხუმში. ახლა არჩევანი არის ბაღაფშის და არა ჩვენი და მე ამას ვითხოვ დაუყოვნებლივ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე,” – განუცხადა ჟურნალისტებს ბათუმში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა.


 


ამასობაში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ლუიზ არბურმა, რომელიც 27 თებერვალს სოხუმში აფხაზეთის ხელმძღვანელობას შეხვდა, განაცხადა, რომ სპეკულირება ქართველი ჟურნალისტის და კიდევ ორი ადამიანის დაკავების გარშემო არსებულ ვითარებებზე საქმეს ვერ დაეხმარება.


 


მისი თქმით, დაკავებულები მოინახულეს სოხუმში მყოფმა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფიცრებმა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის გაათავისუფლებენ სამ დაკავებულს.


 


”გულწრფელად რომ გითხრათ, არა მგონია ხელსაყრელი იყოს ამ კონკრეტულ საკითხზე სპეულირება. ჩემი აზრით, ხელსაყრელი ის არის, რომ საქმეში ჩაერთო ადამიანის უფლებათა ოფისი და ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნება დაველოდოთ, სანამ გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, მანამ სანამ დასკვნებს გამოვიტანთ,” – განაცხადა ლუიზ არბურმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.


 

კითხვაზე თავისი აზრი გამოეხატა ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით, მან უპასუხა: ”მე არ გამაჩნია შეხედულება ჟურნალისტის დაკავების გარშემო არსებული ვითარების შესახებ, რადგანაც სანამ ფაქტები არ მექნება შეხედულებას არ ვაყალიბებ; ფაქტები კი არ გამაჩნია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)