Site icon Civil.ge

ცხინვალი თბილისს ”ტერორისტულ აქტში” ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთში მომხდარი აფეთქება, რის შედეგადაც ორი ადგილობრივი მილიციელი დაიღუპა, ქართული სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ტერორისტული აქტი იყო, განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა 28 თებერვალს საღამოს.


მისი თქმით, აფეთქება ოსური მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ დმენისში მოხდა, რის შედეგადაც კიდევ ორი სხვა მილიციელი დაშავდა. მანამდე სამხრეთ ოსური მხარე იტყობინებოდა, რომ აფეთქება სოფელ კოხათში მოხდა, რის შედეგადაც სულ ცოტა ათი ადამიანი დაშავდა.


მინძაევის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ტელევიზორში იყო დამონტაჟებული, ქართველებმა გორიდან შემოიტანეს. ოსური მილიციის პოსტზე დმენისში ტელევიზორი ჩამორთმეულ იქნა, რადგანაც მის შემომტანებს დოკუმენტები არ გააჩნდათ, განაცხადა მინძაევმა. შემდეგ, მისი თქმით,  ტელევიზორი ოსმა მილიციელებმა ადგილობრივ პოლიციაში წაიღეს, სადაც აფეთქება მოხდა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების ზონებში სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში მამუკა ყურაშვილმა დაადასტურა, რომ აფეთქება მოხდა, თუმცა უარყო, რომ ამაში თბილისის ხელი ურევია. მისი თქმით, სამხრეთ ოსურმას მხარემ არ მისცა საშუალება სამშვიდობოებისა და ეუთოს დამკვირვებლების მიერ დაკომპლექტებულ მონიტორინგის ჯგუფს ინციდენტის ადგილი შეემოწმებინა.      
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)