Site icon Civil.ge

”სიტყვის, პრესისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა გაუარესდა” – აშშ-ს მოხსენება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწიულ მოხსენებაში ადამიანის უფლებათა შესახებ ნათქვამია, რომ 2007 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ადამიანის უფლებათა სფეროში გაუმჯობესდა ზოგიერთი კუთხით, ”თუმცა გაუარესდა სხვა სფეროებში, განსაკუთრებით შემოდგომაზე და კვლავაც რჩება სერიოზული პრობლემები”.


”გაუარესდა სიტყვის, პრესის, შეკრების და პოლიტიკური მონაწილეობის პატივისცემა, განსაკუთრებით შემოდგომის კრიზისის დროს,” – ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც 2007 წლის პერიოდს მოიცავს, ”ასევე არსებობს პრობლემები სასამართლო სისტემაზე და მედიაზე ხელისუფლების ზეწოლის, შეკრების თავისუფლების და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვების და მაღალჩინოსნებს შორის კორუფციის არსებობის კუთხით. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობებისა, კვლავ დაფიქსირდა ადამიანთა ტრეფიკინგის შემთხვევები.”


მოხსენებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლებას, ”თუმცა ხელისუფლებამ შეზღუდა ეს უფლება ნოემბერში და პოლიციამ ზოგ შემთხვევაში ძალაც კი გამოიყენა მშვიდობიან მომიტინგეთა დასაშლელად”.


”7 ნოემბერს ოპოზიციის მხარდამჭერი მიტინგის დასაშლელად გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემდეგ, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, რამაც, კონსტიტუციის თანახმად, შეაჩერა ყველა სამაუწყებლო მედია საშუალების საქმიანობა, გარდა საზოგადოებრივი ტელევიზიისა. შედეგად, ამ პერიოდში მთლიანად შეწყვიტა მაუწყებლობა სამმა ტელეკომპანიამ (იმედი, კავკასია და 25-ე არხი), ხოლო ”იმედი” შინაგან საქმეთა სამინისტრის სპეცრაზმმა დაარბია,” – ნათქვამია მოხსენებაში.


იმ ნაწილში, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება, მოხსენებაში ნათქვამია: ”დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ზოგიერთმა წევრმა მიუთითა სახელისუფლებო ტელეკომპანიებს, განსაკუთრებით ”რუსთავი 2”-ს და ”მზეს”, რომ პოზიტიურად გააშუქონ ხელისუფლების საქმიანობა”. 


”წლის განმავლობაში თვითცენზურა ჟურნალისტების შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, რასაც აძლიერებდა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტთა უმეტესობა კონტრაქტების გარეშე მუშაობდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.


”არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ იტყობინებიან, რომ პოლიცია ჩხრეკდა და ისმენდა პირად სატელეფონო საუბრებს სასამართლო ნებართვის გარეშე,” – ნათქვამია მოხსენებაში, ”ზოგიერთმა პირმა დაიჩივლა დასავლელ დამკვირვებლებთან, რომ მათ ეშინიათ ხელისუფლების საჯაროდ ან ტელეფონით გაკრიტიკება შესაძლო რესპრესიების გამო”.


მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონის უზენაესობის პატივისცემის ნაკლებობასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიები ასევე უკავშირდება საკუთრების უფლებების დარღვევებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)