Site icon Civil.ge

მოშიმშილეების მახლობლად ”კარანტინი” გამოაცხადეს

ოპოზიციის ლიდერებმა და ექიმებმა, რომლებიც მოშიმშილეების ჯანმრთელობას აკონტროლებენ, 22 მარტს განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ მოშიმშილეების მახლობლად კარანტინი გამოცხადდა და მედიასთან და ახლობლებთან კონტაქტები იზღუდება.


ოპოზიციის ლიდერების და ექიმების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.


კონსერვატორული პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად პარლამენტის წინ 42 ადამიანი შიმშილობს.


”მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ხელისუფლება აგებს პასუხს,” – განუცხადა ეკა ბესელიამ მოძრაობა ერთიანი საქართველოდან ჟურნალისტებს 22 მარტს.


21 მარტს მეთოთხმეტე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხუთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციური კოალიციიდან, მათ შორის სამმა დეპუტატმა შიმშილობის აქცია დაიწყო. დანარჩენები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ.


ექვსი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში უკვე ცამეტი დღეა შიმშილობს (დეპუტატი ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა).


ოპოზიციის ცამეტი აქტივისტი ზუგდიდში შიმშილობს, ორ ბათუმში, ერთი კი ქუთაისში.


ოპოზიცია არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, სანამ ხელისუფლება მაჟორიტარული დეპუტატების არჩევის შესახებ მის ”კომპრომისულ წინადადებას” არ მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს მრავალმანდატიან ოლქებში მაჟორიტარების არჩევას, ნაცვლად ერთმანდატიანისა, როგორც ეს უკვე დაამტკიცა პარლამენტმა საბოლოო მოსმენით 21 მარტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)