საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ გააფრთხილა, რომ მომავალ კვირას ნატოს მიერ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედოს გეგმის (MAP) მინიჭებაზე უარის თქმა მხოლოდ წააქეზებს რუსეთს, რაც თავის მხრივ საქართველოში არსებული სეპარატისტული კონფლიქტების გამწვავებას შეუწყობს ხელს.
”ბუქარესტში უარის თქმას მხოლოდ ძალიან, ძალიან სახიფათო და ნეგატიული შედეგები მოყვება კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით,” – იტყობინება ”როიტერი” ბაქრაძის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება 26 მარტს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, ”ნათლად იქნება დანახული, რომ პრობლემების შექმნის ეს პოლიტიკა მუშაობს… და შემდეგ ჩვენი შანსები კონფლიქტები მშვიდობიანად მოვაგვაროთ, ნულს გაუტოლდება. გარდა ამისა, ეს წაახალისებს მოსკოვში მათ, ვინც ფიქრობენ, რომ უკეთესია ეს კონფლიქტები შენარჩუნებული იყოს”.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტი იქნება ტესტი ნატოსთვის, თუ რამდენად შეუძლია ამ ორგანიზაციას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ნატოს შტაბბინას სტუმრობენ, სადაც ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებს განიხილავენ.
ვიზიტი ერთი კვირით უსწრებს ნატოს ბუქარესტის სამიტს, სადაც უნდა გადაწყდეს საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი.
Washington Post-ი წერდა 24 მარტს, რომ განიხილება საკითხი, მათ შორის აშშ-ს ადმინისტრაციაშიც, რომ საქართველოს და უკრაინას ნატომ შესთავაზოს გარკვეული ტიპის გარანტია, თუმცა არა წევრობის გეგმა. თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა Washington Post-ის რედაქციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: ”ეს სისულელეა… ჩვენ თავს ვერ მოვიტყუებთ. ჩვენ საკუთარ ხალხს ვერ მოვატყუებთ”.
”თუ ახლა ამას [MAP-ს] ვერ მივიღებთ, შესაძლებლობათა ფანჯარა დაიხურება რამდენიმე მიზეზის გამო,” – იტყობინება Washington Post-ი სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენთვის უარის თქმით, [ნატო] სიგნალს გაუგზავნის რუსეთს ’შენთვის დაგვითმია ისინი. ჩვენ ამას დიდად არ შევეწინააღმდეგებით’. რუსეთს ეს წაახალისებს. ისინი ჩათვლიან, რომ სწორ გზაზე დგანან, როდესაც ჩვენ სირთულეებს გვიქმნიან”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)