Site icon Civil.ge

ბაქრაძე და ბურჯანაძე ლავროვის განცხადებაზე კომენტარს აკეთებენ

რუსეთის მკვეთრი რიტორიკა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ და ამ ფორმით ალიანსის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა კიდევ უფრო დააახლოებს თბილისს მიზანთან გახდეს ჩრდილოატლანტიკური სივრცის ნაწილი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ 9 აპრილს.


მან და პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამო რუსეთს ”გარდაუვლად” გაუუარესდება ურთიერთობები ნატოს ქვეყნებთან. 8 აპრილს ”ეხო მოსკვი”- სთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება ”ცივი ომის” ლოგიკით არის ნაკარნახევი და არა უსაფრთხოების მოტივით.


”[ნატოს ქვეყნებს] უნდა გაუჩნდეთ ძალიან სერიოზული დისკომფორტი როდესაც ასეთი ენით, ასეთი ტერმინებით და ასეთი ტიპის პირდაპირობით მათზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას,”- განაცხადა დღეს რუსი კოლეგის საპასუხოდ დავით ბაქრაძემ, ”ამიტომ მე მგონია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მოიტანს უკუეფექტს და ჩვენ შეიძლება უფრო მეტად დაგვეხმაროს კიდეც ჩვენი მიზნის მიღწევაში”.


”მე უბრალოდ ვურჩევდი ჩვენ რუს კოლეგებს უფრო მეტი ყურადღებით წაიკითხონ ბუქარესტის სამიტის საბოლოო კომუნიკე. ის, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები უკვე გადაწყვეტილი საკითხია,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”რაც არ უნდა განაცხადოს დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საბედნიეროდ მას არ გააჩნია უფლებამოსილება, რომ შეცვალოს ნატოს საბოლოო კომუნიკეში დაფიქსირებული აბსოლუტურად ღია ვალდებულება. თუმცა, თავისთავად ასეთი დამოკიდებულება და ასეთი ტერმინოლოგია ძალიან შემაშფოთებელია. მე ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს და უკრაინის პრობლემა. ეს არის ნატოს პრობლემაც, ვინაიდან მთელი თავისი ისტორიის მანძილზე არასდროს ნატოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსს არ მოუთმენია პირდაპირი მითითება და პირდაპირი შანტაჟი არც ერთი სხვა სახელმწიფოს მხრიდან”.


”ახალი არაფერი არ უთქვამს ბატონ ლავროვს. უბრალოდ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ რუსეთს არ აწყობს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტზე. ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ნებაა და ეს ნება შესრულდება”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)