აშშ-ის სახელწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 18 აპრილს განაცხადა, რომ იგი ტელეფონით დაუკავშირდა მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს და აცნობა რომ აშშ შეშფოთებულია მოსკოვის გადაწყვეტილებით ოფიციალური კავშირი დაამყაროს სოხუმთან და ცხინვალთან.
”ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ [რუსეთის] პრეზიდენტის განკარგულებით,” – განუცხადა რაისმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ”დღეს დილით მე ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრ ლარვროვს. გუშინ ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულიად ერთგული რჩება. ჩვენ გვჯერა, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა მოხდეს იმ გეგმის შესრულება, რომელზეც ქართული მხარე საუბრობდა იმისთვის, რომ მოხდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [კონფლიქტების] მოგვარება. რა თქმა უნდა, ამ რეგიონების მოსახლეობას უნდა ქონდეთ კარგი ცხოვრების პირობები და საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეს მათთვის. მაგრამ ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც გადაიდგა და ჩვენ ამის შესახებ ვაცნობეთ რუსეთის მთავრობას.”
18 აპრილს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედება ” საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ შეესაბამება რუსეთის, როგორც სამშვიდობო პროცესის ”ხელშემწყობის” სტატუსს”.
”მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს მისი განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე და გააუქმოს 16 აპრილის მითითებები. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაეხმარონ სქართველოში არსებული სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას,” – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)