Site icon Civil.ge

რუსეთს აფხაზეთის ანექსია სურს – სააკაშვილი

საქართველო მოითხოვს რუსეთისაგან გადასცეს სარადარო მონაცემები საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც 20 აპრილს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს გამოიძიებს.


23 აპრილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ თბილისმა უკვე მოიწვია რიგი ქვეყნებიდან ექსპერტები, მათ შორის ნეიტრალური ქვეყნებიდანაც და ”ჩვენ უკვე მივიღეთ მათგან თანხმობა”.


ქართული მხარის მტკიცებით, რუსულმა MIG-29-მ, რომლის გუდაუთის სამხედრო ბაზიდან აფრინდა, გაანადგურა ქართული მზვერავი თვითმფრინავი და რუსეთში გაფრინდა.


”ჩვენ ხვალ გამოვიძახებთ რუსეთის ელჩს, ბატონ კოვალენკოს და მოვითხოვთ მისგან სამხედრო რადარის მონაცემების გაცვლას. მოდით გადავცეთ ჩვენი სარადარო მონაცემები საერთაშორისო ექსპერტებს და მათ გააკეთონ შეფასებები,”- განუცხადა ვაშაძემ პრეზიდენტ სააკაშვილს. შემდეგ მან სარკაზმით დაამატა: ”მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათი რადარები უშუქობის გამო გამორთული იყო” – იგულისხმა რა, რომ რუსეთი შეეცდება უარის თქმას სარადარო ინფორმაციის გადმოცემაზე ნებისმიერი მიზეზით.


თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, დაცინვით დაამატა: ”ან ისინი იტყვიან, რომ კვირა იყო და ისვენებდნენ”. ამით კეზერაშვილმა მიანიშნა რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ კვირას, 20 აპრილს არცერთი რუსული თვითმფრინავი არ აფრენილა ჩრდილოეთ კავკასიაში, რადგან პილოტები ისვენებდნენ.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის მიზანია აფხაზეთის ანექსია.


”რუსეთმა ნათლად განაცხადა: ის აღარ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს და იურისდიქციას ამ [აფხაზეთის] ტერიტორიაზე,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მათ [რუსებმა] განაცხადეს, რომ მართალია ისინი ზოგადად აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისინი არ ცნობენ ჩვენს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის ერთ მესამედზე. ამით ყველაფერი ითქვა. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ფორმალურად დამოუკიდებელი ანკლავები ჰქონდეს თავის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსეთს ამ ტერიტორიის ანექსია უნდა და რუსეთის ყველა უკანასკნელი ქმედება ამაზე მიანიშნებს. იმედი მაქვს მათ ესმით, რომ ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ ასევე სარისკოა თავად რუსეთისთვის”.


”ტაივანიზაციის სცენარი საქართველოსთან მიმართებაში სრული სიგიჟეა,” – განაცხადა მან, ”რას აკეთებდა MIG-29 გუდაუთის სამხედრო ბაზაზე, რომელიც უნდა დახურულიყო და რას აკეთებდა ის ჩვენ საჰაერო სივრცეში?”


ქართულმა მხარემ თავდაპირველად უარყო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ 20 აპრილს მართლაც მოხდა ინციდენტი და ბორტზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ უახლოვდება საბრძოლო თვითმფრინავი ქართულ საფრენ აპარატს და ჭურვს ესვრის მას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)