Site icon Civil.ge

ოპოზიციის დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს სააკაშვილის შეთავაზებას

ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ PR-აქციად შეაფასა პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზება მათთან სისტემატიური შეხვედრების გამართვის თაობაზე უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ინფორმირების მიზნით, რათა ერთიანი პოზიცია ჩამოუყალიბდეს ამ საკითხებზე ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც რუსეთთან დაძაბულობის ფონზე.  


თუმცა ზოგიერთმა პარტიამ, მათ შორის მრეწველებმა და რესპუბლიკელებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელისუფლებასთან კონსულტაციების გასამართად.


დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი:


”მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციის ლიდერების მიპატიჟებას აფხაზეთის საკითხზე საკონსულტაციოდ ღრმა კრიზისში ჩავარდნილი ხელისუფლების წინასაარჩევნო აგონიის გამოხატულებად ვაფასებ. ბატონ სააკაშვილს საშუალოდ წელიწადში ერთხელ ახსენდება ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების აუცილებლობა, თანაც მაშინ, როდესაც საკუთარი უგუნური პოლიტიკის გამო მორიგ ჩიხში აღმოჩნდება ხოლმე. ამგვარი კონსულტაციების პრაქტიკა, რომლებიც პი-არ აქციების ფორმატს არ სცილდება, ადასტურებს მათ სრულ უნაყოფობას; შექმნილ საგანგაშო ვითარებაში პასუხისმგებლობის გადანაწილების მცდელობა უსუსურობის დასტურია.


რესპუბლიკური პარტია ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზადაა მონაწილეობა მიიღოს ისეთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პრობლემის მოგვარებაში, როგორიცაა ქვეყნის მთლიანობის აღდგენა და რუსეთის მზარდი აგრესიის შეჩერება. ამ საკითხებს რესპუბლიკელები არ განვიხილავთ არანაირი საარჩევნო და ვიწროპარტიული ინტერესების კონტექსტში…  შესაბამისად, მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს აღნიშნული საკითხების განსახილველად”. 


დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიცია:


”სააკაშვილი არის ჩვენთვის თვითმარქვია პრეზიდენტი, მას არ აქვს ლეგიტიმაცია და მას არ აქვს უფლება დღეს საერთოდ ამ საკითხებზე საუბრისა. ასე, რომ შეხვედრაზე ზედმეტია საუბარი”.


ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტიის ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიცია:


”მისი შეხვედრები არის წინასაარჩევნო ეშმაკობა მხოლოდ და მხოლოდ. მას უნდა ხალხს დაანახოს, რომ აი ოპოზიცია ხელისუფლებასთან რაღაც საკითხებზე მოლაპარაკებებზე დადის. არაფერი მაგასთან ჩვენ მოსალაპარაკებელი არცერთ თემაზე არ გვაქვს”.


გოგი თოფაძე, მრეწველთა ლიდერი:


”მზადა ვარ ყოველთვის შეხვდე პრეზიდენტს და ვილაპარაკოთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აქ არ შეიძლება ამის ასე გახლეჩა [ხელისუფლებად და ოპოზიციად]. ალბათ ოპოზიციას ბევრი აქვს საპრეტენზიო თუნდაც იმ საარჩევნო კანონებთან, თუნდაც ზეწოლასთან, რომელიც დღეს ხდება, მაგრამ ამ საკითხში უნდა ყველა ვიყოთ ერთიანი”.


იოსებ შატბერაშვილი, ლეიბორისტული პარტია:


”მიხეილ სააკაშვილთან ერთადერთ ურთიერთობას ვაპირებთ – ეს არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მის მიერ და კერძოდ, ლეიბორისტულ პარტიაზე ხელისუფლების გადმობარების საკითხზე. სხვა საკითხზე არანაირი ურთიერთობას და არანაირ კონსულტაციას მიხეილ სააკაშვილთან არ ვმართავთ”.


გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია:


”კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯი მაინც გადაიდგმება პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, ამ შემთხვევაში აღდგება ნდობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და რეალურად ჩვენ შეგვეძლება შევქმნათ წინაპირობა მართლაც დიალოგის რეჟიმში გადასვლისათვის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)