Site icon Civil.ge

თბილისი გმობს რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ზრდას

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაგმეს მოსკოვის გადაწყვეტილება გაზარდოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოთა ოდენობა და ამ ნაბიჯს ”არანეიტრალური” რუსეთის სამხედრო ყოფნის დაკანონების მცდელობა უწოდეს.


”ნებისმიერი მცდელობა ე.წ სამშვიდობო ძალების კონტიგენტის გაზრდისა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ეს იქნება კატეგორიულად მიუღებელი საქართველოსათვის, ეს იქნება ყველა ნორმის დარღვევა და ეს იქნება უბრალოდ პირდაპირი მცდელობა საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და დაკანონება იქ რუსი სამშვიდობო ძალების სახით რუსეთის სამხედრო ყოფნისა,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 29 აპრილს.


მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ფაქტზე ექნება ”ძალიან მწვავე” და ”ადეკვატური” რეაქცია  და ”ნამდვილად არ იქნება არავითარ შემთხვევაში დაშვებული სამშვიდობო ძალების გაზრდა”.


”ეს რომ იყოს მართლა სამშვიდობო კონტიგენტი, საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც არ არის ომში დაინტერესებული, თავად ისაუბრებდა ამ კონტიგენტის საჭირო რაოდენობაზე, მაგრამ როცა ლაპარაკია რუს ე.წ. სამშვიდობოებზე, რომლებიც არ არიან სამშვიდობოები, არ არიან ნეიტრალურები და წარმოადგენენ პრაქტიკულად კონფლიქტის მხარეს და როცა ლაპარაკობენ, რომ ისინი იქ არიან რუსეთის ე.წ. მოქალაქეების დასაცავად, აქ ყველასთვის ძალიან ნათელია რაზეა ლაპარაკი,”- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ბურჯანაძემ.

რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა 29 აპრილს განაცხადეს, რომ მოსკოვი ზრდის სამშვიდობო კონტიგენტს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობოების წინააღმდეგ ქართული მხარის ”პროვოკაციული ქმედებების” და კონფლიქტის ზონაში დამატებითი ქართული ძალების განთავსების გამო.


”ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ სამხედრო კონფრონტაციას, მაგრამ არც რუსების დაკრულ დუდუკზე ცეკვას ვაპირებთ. მითუმეტეს, რომ ისინი არიან აგრესორები და არანაირი  – არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არც მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ რაიმე სამშვიდობო ოპერაციაზე და ეს არის ყველაფერი ცინიზმი და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის ძალისხმევა, რომელიც დავიწყეთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გია ბარამიძემ. 

24 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი განაახლებს მცდელობებს კონფლიქტის ზონებში რუსული სამშვიდობო ფორმატების გადახედვასთან დაკავშირებით, რადგან მოსკოვის გადაწყვეტილებამ ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს სოხუმთან და ცხინვალთან გამორიცხა მისი, როგორც ნეიტრალური შუამავლის როლი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)