მიღწევების მიუხედავად, მთავარი გამოწვევები ქვეყანას წინ აქვს და საქართველოზე გადის ფრონტის ხაზი, სადაც უნდა გადაწყდეს მომავალი მსოფლიო იქნება თავისუფალი თუ ავტორიტარული რეჟიმების ბატონობის ქვეშ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 მაისს.
”ჩვენ მივაღწიეთ ყველაფერს, რაც დაგპირდით: საქართველო ქურდების გარეშე; საქართველო კორუფციის გარეშე; საქართველოს კლანების, შევარდნაძის და მისი ჯგუფების გარეშე; საქართველოს ფეოდალიზმის და ასლან აბაშიძის ბატონობის გარეშე. მაგრამ მთავარი გამოწვევები, როგორც დავითის წინაშე, საქართველოს აქვს წინ,”- განაცხადა მან ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოსვლისას, ”ყველაფერი, რაც აქამდე ხდებოდა, ეს არის ამ მთავარი გამოცდისთვის მხოლოდ მომზადება. ამ გამოცდას ჩვენ ჩავაბარებთ ისტორიის და მთელი მსოფლიოს დასანახად; ამ გამოცდას ჩვენ ჩავაბარებთ ჩვენი შვილების, შვილიშვილების და მომავალი თაობების გულისთვის, ამ გამოცდას ჩვენ ჩავაბარებთ მთელი დემოკრატიული სამყაროს დასანახად იმიტომ, რომ როგორც ისტორიულად, საქართველო არის მთავარი მედროშე დღეს ამ რეგიონში და ამ განსაკუთრებულ ვითარებაში. აქ წყდება ევროპის მომავალი, აქ წყდება თავისუფლების მომავალ მსოფლიოში, აქ წყდება ჩვენი გამბედაობის და გმირობის ხარჯზე ის, წავა თუ არა მსოფლიო წინ თუ ისევ გახდება ავტორიტარული, უხეში, გაუტანელის, აბსოლუტურად უზნეო რეჟიმების ბატონობის ქვეშ მოექცევა და ეს უზნეო ძალები გაიმარჯვებენ”.
მისი თქმით, სიკეთის დროშით ბრძოლაში ”ბოროტების საუკუნოდ დასამარცხებლად” საქართველო იქნება ”ერთ მუშტად შეკრული”.
”ეს არის სიკეთის და ბოროტების ბრძოლა და მე მინდა, ყველამ კარგად გავითავისოთ – დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი ფრონტი არის ჩვენთან საქართველოში. ჩვენ ყველანი ერთად ვიცავთ სიკეთის დროშას, ვიცავთ ჩვენ მომავალს, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ მსოფლიოს ღირსებას, მსოფლიოს პრესტიჟს, დემოკრატიული სამყაროს მომავალს და ჩვენ ვიცავთ სიკეთეს,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მმართველი პარტიის ყრილობაზე საუბრისას მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ”მუდმივი თვითგაწმენდის” და განახლების უნარი.
”მოდით შეგვეჯიბროს ნებისმიერი სხვა პარტია სიების განახლებაში,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც განახლდა, ეს არის პარტია, რომელშიც ¾ ახალ პარლამენტში წარდგენილი ადამიანების ეს არის ახალი ხალხი და მე მინდა მივესალმო ჩვენ ამ ახალ ხალხს იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ერთი გუნდი ვართ”.
იგი მიესალმა მმართველი პარტიის სიის პირველ ნომერს დავით ბაქრაძეს, რომელმაც საპარლამენტო სიის ლიდერის პოზიციაზე პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეცვალა, როგორც ”ერთ-ერთ წარმომადგენელს იმ ახალი ხალხის, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ პოლიტიკაში”.
დავით ბაქრაძე დეპუტატი 2004 წლიდან გახდა და უკანასკნელ პერიოდში აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჯერ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ბოლოს კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე იმუშავა. ბურჯანაძემ 21 აპრილს, როცა მან გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ აღარ იყრის კენჭს პარლამენტში თანაგუნდელებთან საარჩევნო სიაზე შეუთანხმებლობის გამო, ასევე აღნიშნა, რომ ბაქრაძე მისი ”კადრია”.
”ჩვენ მივესალმებით ასევე და მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ნინო ბურჯანაძეს იმიტომ, რომ განახლების ტრადიციასთან ერთად ნინოს მიერ დანერგილი ტრადიცია კომპრომისის, დიალოგის – ეს არის მთავარი ატრიბუტები, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა შეინარჩუნოს ნაციონალურმა მოძრაობამ,”- განაცხადა დღეს ყრილობაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი ”საქმე ლაპარაკის ნაცვლად” ნიშნავს არა იმას, რომ მისი გუნდს ლაპარაკი არ ეხერხება, არამედ იმას, რომ ”უფრო მეტი უნდა ვაკეთოთ, ვიდრე ვილაპარაკოთ”.
”ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხალხს მართლა აღელვებს და არა საკუთარ თავზე და იმაზე, თუ რა მაგრები ვართ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”არამედ იმაზე რა მშვენიერი, განსაკუთრებულად ძლიერი და მიმზიდველია ჩვენი ქვეყანა და რა განსაკუთრებული სულიერების და სიმტკიცის არის ჩვენი ხალხი, რამდენად უკეთეს მომავალს იმსახურებს ის, რამდენად უკეთესად უნდა ცხოვრობდეს ის, ვიდრე დღეს ცხოვრობს, რამდენად ჩქარა უნდა გამოვიდეთ იმ სიღარიბიდან და უბედურებიდან, რომელშიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი იმყოფება. იმიტომ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, არამედ ჩვენ პასუხს ვაგებთ საქართველოს და მისი მრავალათასწლიანი მომავლის წინაშე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)