საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული მონაცემები ”საკმაოდ მოძველებულია”.
”ეს ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე, არის საკმაოდ მოძველებული,”- განუცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებს, ”მას შემდეგ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გაცილებით მეტი და თანამედროვე შეიარაღება და ტექნიკა შეისყიდა. ეს პროცესი გრძელდება. მიმდინარეობს ქართული ჯარის აღმშენებლობის პროცესი. ამაში აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ საქართველოს ჯარი არ იქნება ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი ჯარი რეგიონში”.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ მიანიშნა, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოსთვის აღმოჩენილი სამხედრო დახმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია რუსულ მხარეს ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს ხელმძღვანელისაგან იასონ ჩიხლაძისგან ჩაუვარდათ ხელში.
ჩიხლაძე საქართველოს პროკურატურის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და თანხების მითვისების ბრალდებით იძებნება, ხოლო ოპოზიციონერ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა იმის მიუხედავად, რომ თბილისი მის ექსტრადიციას მოითხოვდა.
”ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი სოსო ჩიხლაძე ე.წ. ”ვოლკი” გაიქცა ქვეყნიდან რუსეთის გავლით და ჩვენ მაშინვე გამოვთქვით ვარაუდი, რომ ის ოქრუაშვილის სანქციით გადასცემდა იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებით მონაცემებს, რაც გააჩნდა სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთის მხარეს. სამწუხაროდ, ეს ვარაუდი, როგორც ჩანს გამართლდა,”- განაცხადა გივი თარგამაძემ და მანაც დასძინა, რომ ეს ინფორმაცია ”მოძველებულია”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 მაისს განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო პოტენციალის ზრდა დესტაბილიზაციის საფრთხეს წარმოადგენს რეგიონისთვის. უწყებამ ასევე ეჭვი შეიტანა საქართველოს პარტნიორების ჩანაფიქრში, რომ სამხედრო მხარდაჭერა მიზნად ისახავს ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)