Site icon Civil.ge

ბალუევსკი აფხაზეთზე, სამშვიდოებოებზე და კავკასიის მილიტარიზაციის წინააღმდეგ საუბრობს

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ უარყო აფხაზეთში რუსული საჰაერო ბაზის გახსნის გეგმები. მან ასევე არ გამორიცხა ამ კონფლიქტურ რეგიონში რუსული სამშვიდობო ფორმატის ინტერნაციონალიზაცია იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თბილისი და სოხუმი შეთანხმებას მიაღწევენ.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 13 მაისს ღიად გამოთქვა სურვილი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებას რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა ალექსანდრე ზელინმა უპასუხა, რომ რუსული სამხედრო ბაზის გახსნა აფხაზეთში გააუმჯობესებდა რუსეთის საზღვრის დაცვას და ხელს შეუწყობდა საჰაერო თავდაცვის ამოცანების განხორციელებას.


”მე არ ვიცი საიდან მოვიდა ასეთი ინფორმაცია,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” ბალუევსკის სიტყვებზე დაყრდნობით, ”როგორც გენშტაბის უფროსი, მე მონაწილეობა არ მიმიღია არც წინადადებების და არც რეკომენდაციების შემუშავებაში აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით”.


მან იმავდროულად ხაზი გაუსვა რუსი სამშვიდობოების მასტაბილიზირებენ როლს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში და იმ დანაკარგებს, რომელიც მათ სამშვიდობო ფორმატის მოქმედების პერიოდში განიცადეს.


ბალუევსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მზად იქნება რუსული სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის საკითხი განიხილოს იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე თბილისი და სოხუმი შეთანხმებას მიაღწევენ. თუმცა ყველა საჯარო განცხადებაში სოხუმი კატეგორიულად  ეწინააღმდეგება თბილისის მოთხოვნას მოხდეს სამშვიდობო ფორმატის ინტერნაციონალიზაცია. 


ბალუევსკიმ ეს განცხადებები ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან ასევე მოუწოდა ნატოს არ დაუშვას კავკასიის კონფლიქტურ რეგიონში შეიარაღების ზრდა.


”მე მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ ასეთ შემოდინებას ადგილი აქვს,”- აღნიშნა მან და ამის ”ცოცხალ მაგალითად” აფხაზეთის თავზე ჩამოგდებული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავები მოიყვანა.


რუსეთის გენშტაბის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზად იქნება მოხსნას შარშან ივლისში გამოცხადებული მორატორიუმი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულებაზე, თუ ამ ხელშეკრულებით შეიარაღებაზე გათვალისწინებული საფლანგო შეზღუდვები მოიხსნება.


მისი თქმით, ეს წინადადება ნატოს შესთავაზა, როგორც კომპრომისი, რომელიც მისცემს რუსეთს სასაზღვრო რეგიონებში შეიარაღებული ძალების შეუზრუდავად განგალების შესაძლებლობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)