რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 6 ივნისს რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველო არ უნდა ეცადოს კონფლიქტების მოგვარებას ნატოს წევრობის გზით.
მისი თქმით, შეხვედრა მიხეილ სააკაშვილსა და დიმიტრი მედვედევს შორის იყო ”გულწრფელი”, ”ძალიან სასარგებლო” და ”ძალიან საჭირო”.
ლავროვის თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ”პრეზიდენტმა მედვედევმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი ძლიერი ინტერესი ამ კონფლიქტების მოგვარებაში,” – განაცხადა ლავროვმა.
”სხვათაშორის – როგორც მე მესმის – მას [სააკაშვილს] ესმის, რომ კურსი ნატოს წევრობისკენ არ არის კონფლიქტის მოგვარების გასაღები,” – განაცხადა ლავროვმა. ”ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ მისი [კონფლიქტის მოგვარების] მიღწევა შეუძლებელია საქართველოს ნატოში ხელოვნურად შეყვანით, რადგანაც ეს კონფრონტაციის ახალ ტალღას გამოიწვევს”.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე, რაც დაძაბულობის განმუხტვას დაეხმარება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა მოსკოვის პოზიცია არსებული მოლაპარაკების და სამშვიდობო მექანიზმების შენარჩუნების თაობაზე.
”ჩვენ მზად ვართ პატიოსნად განვაგრძოთ ჩვენი მედიატორის მოვალეობების შესრულება და ყველაფერი გავალეთოთ რაც საჭიროა არსებული შეთანხმებების ფარგლებში, რათა დავაახლოვოთ მხარეები და აღვადგინოთ ნდობა,” – განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება აფხაზეთში სარკინიგზო ძალების გაგზავნის თაობაზე. ლავროვის თქმით, რუსულმა მხარემ ახსნა, რომ ეს იყო აბსოლუტურად ჰუმანიტარული ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აქვს სამხედრო მიზნებთან, როგორც ამას თბილისი აცხადებს.
”პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ თუ იქნება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი და თუ უკვე შემუშავებული სავალდებულო შეთანხმება ძალის არგამოყენების თაობაზე იქნება ხელმოწერილი და თუ განიმუხტება სიტუაცია კოდორის ხეობის ირგვლივ, შესაძლებელია, რომ მივიღოთ აფხაზური მხარის თანხმობა დაუბრუნდნენ სამმხრივ ფორმატს, რათა მოგვარდეს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, მათ შორის რკინიგზის შესახებ,” – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ სამმხრივი ფორმატი მას შემდეგ შეწყდა, რაც ქართულმა მხარემ 2006 წლის ზაფხულში თავისი ძალები შეიყვანა კოდორის ხეობაში.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე არ ყოფილა განხილული 20 აპრილის ინციდენტი, რომლის დროსაც ქართული უპილოტო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. გაეროს დამკვირვებელთა მისიის დასკვნის თანახმად, ეს თვითმფრინავი რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პრეზიდენტების შეხვედრაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
შეხვედრამდე საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებმა მოკლე განცხადებები გააკეთეს პრესისთვის.
”გუშინ ვიყავი გერმანიაში, ვესაუბრე გერმანელ კოლეგებს, ისინი ნერვიულობენ რუსულ-ქართული ურთიერთობების ბედზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თავად შეგვწევს უნარი გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს არსებობს, გადავლახოთ სირთულეები, რომელიც გვაქვს და მოვაგვაროთ ისინი დიდი ხნით. თქვენ რას ფიქრობთ?” მიმართა მედვედევმა მიხეილ სააკაშვილს.
”მე მთლიანად გეთანხმებით,”- განაცხადა სააკაშვილმა რუსი კოლეგის საპასუხოდ, ” მე მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრისა და საუბრის შესაძლებლობით. მე ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა, ახლოს გაცნობა. და მართლაც ვიმედოვნებ ნაყოფიერ, გრძელვადიან თანამშრომლობას და ჩვენ ურთიერთობებში ყველა მტკივნეული საკითხების გადაწყვეტას. მე ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი საკითხები არ არსებობს, არ გადაწყვეტილი ბევრია, მაგრამ გადაუწყვეტადი არ არსებობს. პრაქტიკულად ყველას გადაწყვეტა შეიძლება კეთილი ნების არსებობის, ურთიერთგაგების შემთხვევაში. მართლაც საქართველო და რუსეთი არიან ქვეყნები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან ისტორიულად, კულტურულად, ადამიანურად. დღევანდელი სიტუაცია ხელოვნურია და ის ხელს არავის არ აძლევს. მე ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი უნდა გადავწყვიტოთ. არსებობს პრინციპული საკითხები, მათ გადავწყვეტთ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)