მე-6 მოწვევის პარლამენტმა 116 ხმით, ერთხმად აირჩია პარლამენტის თავმჯდომარედ მმართველი პარტიის სიის ლიდერი დავით ბაქრაძე.
ამ პროცედურამდე დეპუტატებმა კენჭი უყარეს 150 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, უფლებამოსილების ცნობას და სადეპუტატო ფიცი დადეს.
”მე კარგად მესმის ის პასუხისმგებლობა რაც მაკისრია,” – მიმართა ბაქრაძემ დეპუტატებს, ”პრიორიტეტული იქნება ყველა იმ დაპირებების შესრულება მთავრობასთან ერთად, რომელიც ჩვენ ხალხს მივეცით… მე ძალღონეს არ დავიშურებ, რათა გვყავდეს ძლიერი პარლამენტი, რომელიც გაუძღვება რეფორმებს და განაგრძობს ყველა იმ რეფორმას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ჩვენ ახლო თანამშრომლობა გვექნება მთავრობასთან 50-თვიანი პროგრამის განსახორციელებლად”.
პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ, რომელიც პარლამენტის სხდომას ესწრებოდა, ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მთავრობა მზადაა ნაყოფიერად ითანამშრომლოს ახალ პარლამენტთან.
”მინდა თანამშრომლობის ხელი გავუწოდო იმ პარტიებს, რომელთაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს… ჩემი პრიორიტეტი იქნება ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა. ჩვენ შევქმნით პირობებს, რომელიც დაეხმარება უფრო ძლიერი პოზიციების შექმნას ოპოზიციური პარტიებისთვის პარლამენტში,” – განაცხადა მან.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა მმართველი პარტიის მზადყოფნა ვიცე-სპიკერის რამდენიმე პოსტი და საპარლამენტო კომიტეტებში თანამდებობები შესთავაზოს ოპოზიციას.
დღესვე დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან პეტრე ცისკარიშვილი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, არჩეულ იქნა საპარლამენტო უმრავლოსობის ლიდერად.
იმავდროულად, გაერთიანებული ოპოზიციისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საჯაროდ დაჭრეს მაკრატლით სადეპუტატო მანდატები, რითაც მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ისინი დეპუტატობაზე უარს აცხადებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)