გაეროს და ეუთოს ეგიდით არჩევნებთან დაკავშირებით მომუშავე სამუშაო ჯგუფის ელჩებმა მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას უზრუნველყონ, რომ ახლად არჩეული პარლამენტი 10 ივნისს თავისუფლად შეიკრიბოს.
”პარლამენტის პასუხისმგებლობა შეიკრიბოს და შეასრულოს მისი როლი დემოკრატიულ საქართველოში არ უნდა დაჩრდილოს ძალადობამ, მუქარამ ან დაპირისპირებამ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას უზრუნველყონ, რომ პარლამენტი შეიკრიბება თავისუფლად, კანონის თანახმად, და რაიმე ძალადობის ან ფიზიკური დაპირისპირების გარეშე. ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ეძიოს არსებული დაპირისპირების მოგვარება პოლიტიკური დიალოგის გზით და მხოლოდ სამართლებრივი საშუალებით,” – ნათქვამია ჯგუფის მიერ 6 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამ განცხადებას წინ უძღოდა რვა პარტიის ოპოზიციური კოალიციის და ლეიბორისტული პარტიის მოწოდება პარლამენტის პირველი სხდომის დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქციის გამართვისკენ.
ელჩების ჯგუფმა ასევე დაგმო ოპოზიციურ აქტივისტებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები.
”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შესახებ, რომლის დროსაც ოპოზიციის რამდენიმე წევრი დაშავდა,” – ნათქვამია განცხადებაში, ”ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა აქტს ან მუქარას საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების მიმართ. ელჩები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან აიცილოს და უპასუხოს ნებისმიერ ძალადობას ან დაშინებას საარჩევნო სიბუექტების მიმართ. გენერალურმა პროკურატურამ გვაცნობა, რომ დაიწყო ამ თავდასხმების ფაქტების გამოძიება. ჩვენ მოვითხოვთ ამ თავდასხმების სწრაფ გამოძიებას და ამ გამოძიების შედეგების გამოაშკარავებას. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად”.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ეუთოს წევრი სახელმწიფოების ელჩები, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი და გაეროს რეგიონალური კოორდინატორი. მისი თანათავმჯდომარეები არიან გაეროს რეგიონალური კოორდინატორი და ეუთოს მისიის ხელმძღვანელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)